ვარშავაში ნატოს სამიტი იხსნება

დღეს, 8 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატოს სამიტი გაიხსნება. სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება, ნატოს 28 წევრი ქვეყნისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს. ვარშავის სამიტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი დაესწრებიან.

“ნატო დაგეხმარებათ უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეფორმების განხორციელებაში. მომდევნო თვეში ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მხარდაჭერის პაკეტს საქართველოს მიმართ. რაც ნათელი დადასტურება იქნება ჩვენი ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, 2016 წლის 8 ივნისს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.

2015 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება ვარშავის 2016 წლის სამიტზე საქართველოს ალიანსთან და მის წევრებთან მოლაპარაკებების პრიორიტეტი იქნებოდა, თუმცა 2016 წლის 4 აპრილს თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო მეპს არ მოითხოვს. 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 2016 წლის 15 ივნისს ბერლინში, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ჩვენ საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ. ვარშავაში ჩვენ ვილაპარაკებთ იმის შესახებ, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. პირნციპში, ძალიან კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის”.

ვარშავაში უკვე ჩასულია აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. “ეიბისის” ცნობით, ობამა ევროკავშირის ლიდერებსაც შეხვდება და მათთან ერთად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ იმსჯელებს. ლიდერები ასევე აპირებენ, იმსჯელონ ნატოს წვლილზე ავღანეთში, ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლასა და მიგრანტთა კრიზისზე.

პირველად ნატოს სამიტის ფარგლებში ვარშავაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდება, რაც  საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარების დემონსტრირებაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com