ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოპოზიციის აქციაზე სროლის დროს სოხუმში 17 ადამიანი დაშავდა

6 ივლისი, 2016 •
ოპოზიციის აქციაზე სროლის დროს სოხუმში 17 ადამიანი დაშავდა

5-6 ივლისის ღამით სოხუმში, მომიტინგე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებს შორის სროლის შედეგად, სხვადსხვა ტრავმით 17 ადამიანი სოხუმის სამედიცინო დაწესებულებებში მოხვდა, მათ შორის 7 ჰოსპიტალიზებულია.

რაულ ხაჯიმბა საავადმყოფოში დაშავებულების მოსანახულებლად მივიდა. ფოტო: აპსნიპრესი; 2016

რაულ ხაჯიმბა საავადმყოფოში დაშავებულების მოსანახულებლად მივიდა. ფოტო: აპსნიპრესი; 2016

როგორც აფხაზური გამოცემა აპსნიპრესი წერს, მომხდარზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციითვე, გამოძიების მსვლელობის პერიოდში თანამდებობიდან დროებით დათხოვნილია შს მინისტრი, ლეონიდ ძაპშბა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს უფრო მეტი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანა წესრიგში მოვიყვანოთ”, – განაცხადა ხაჯიმბამ, რომელმაც მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა და მათ საქციელს ღალატი უწოდა.

ხაჯიმბას განცხადებით, ოპოზიციის ქმედების მიზანი ოპოზიციის მოთხოვნითვე დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფრენდუმის ჩაშლაა.

5 ივლისს სოხუმში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიშკარი შეანგრიეს და შეეცადნენ შტურმით აეღოთ შენობა. ძალოვნებმა გზის ჩასაკეტად სახანძრო მანქანა გამოიყენეს. მომიტინგეები პრეზიდენტ ლეონიდ ხაჯიმბასგან შს მინისტრის, ლეონიდ ძაპშპას თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ აქციას, სანამ მინისტრი არ გადადგება.

ასევე, ოპოზიცია მოითხოვს 10 ივლისს დანიშნული რეფერენდუმის 2016 წლის შემოდგომაზე გადატანას, ვინაიდან, მათი განცხადებით, ხაჯიმბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმი შუა ზაფხულში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის იმედით დანიშნა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციის მოთხოვნით, რაულ ხაჯიმბამ 2016 წლის 10 ივლისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმი დანიშნა. მოგვიანებით, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძაპშბასა და მის ხელქვეითებს შორის არსებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც თავის თანამშრომლებს, მუქარის გამოყენებით, რეფერენდუმში მონაწილეობას უკრძალავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი