ახალი ამბები

“თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

5 ივლისი, 2016 • 1341
“თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

‘თავისუფალმა დემოკრატებმა” დღეს, 5 ივლისს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში თბილისის ოლქებში მაჟორიტარები წარადგინეს.

კანდიდატები “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარადგინა.

მთაწმინდის ოლქში წარადგინეს გოგა ფრუიძე, მას აქვს დიდი გამოცდილება ჯანდაცვის მართვის კუთხით და  არის ავტორი თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის პროგრამისა.

ვაკის ოლქში წარადგინეს ვიქტორ დოლიძე, რომელიც ალასანიას დახასიათებით პარტიის მთავარი საყრდენია. ვაკის მესამე მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს გიორგი ნუცუბიძე. იგი მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილია ალექსი პეტრიაშვილი (მე-4 ოქლში), ხოლო საბურთალოს მეხუთე ოლქში იქნება დავით ონოფრიშვილი. საბურთალოს მეექვსე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია შალვა შავგულიძე.

რაც შეეხება კრწანისის ოლქს, აქ წარდგენილია დიმიტრი კორთხონჯია, იგი არის ბიზნესმენი, რომელიც თავისუფალ დემოკრატებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

ისნის ნომერ მერვე მაჟორიტარულ ოლქში თენგიზ ხეჩიკაშვილია წარდგენილი. იგი ასევე ბიზნესმენი და მშენებელია. ისნის მეათე მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს გიორგი გოგილაშვილი.

სამგორი ნომერ მე-11 ოლქში წარადგინეს ნონა თოდუა. N12 სამგორის მაჟორიტარულ ოლქში – ბესო ბერიძე.

ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქში წარდგენილია დავით ამაშუკელი, N15 დიდუბის მაჟორიტარული ოლქში -ზურაბ აბაშიძე, N16 დიდუბის მაჟორიტარული ოლქში – ლევან სამუშია.

N17 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქში კენჭს იყრის ლევან მელიქია, ხოლო N18 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქში  იქნება ზეზვა ნაცვლიშვილი, N19 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქში- რამაზ გრიგალაშვილი.

N21 გლდანის მაჟორიტარული ოლქში-ამირან გიგუაშვილი, N22 გლდანის მაჟორიტარული ოლქში-ვახტანგ მაჭავარიანი.

“თბილისის არჩვენებისთვის ჩვენ შევდივართ გამარჯვებისთვის და მოსახლეობის მხარდაჭერას აუცილებლად მოვიპოვებთ,” – განაცხადა ალასნაიამ.

ალასანიამ განაცხადა, რომ ეს კანდიადტები არასოდეს გაწყვეტენ კავშირს ამომრჩეველთან და არ ჩაიკეტებიან თავიანთ კაბინეტებში.

ირაკლი ალასანიას განმარტებით, ზუსტი ეკონომიკური გათვლებით დაადგინეს, რომ პენსიონერები ბევრად უფრო კარგად იცხოვერებენ, თუკი მათ ექნებათ 300 ლარი პენსია. ალასანიას თქმით, საარსებო მინიმუმი იქნება 250 ლარი.

ალასანიას თქმით, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება არ უნდა იყოს ერთეულების ხვედრი, არამედ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მასზე ხელმისაწვდომობა.

“იმიტომ გვინდა უკეთესი ეკონომიკა, რომ უკეთესად იცხოვროს ხალხმა. იმიტომ შევძელით ორი დღის წინ, ზუსტი ფინანსური ეკონომიკური გათვლებით დავადგინეთ ის, რომ ჩვენი პენსიონერები ბევრად უფრო უკეთესად იცხოვრებენ, თუკი მათ ექნებათ 300 ლარი პენსია. და ეს პენსია არის რეალურ გათვლებზე დაყრდნობილი. ძალიან ბევრ ჩვენს ოპონენტს ეს არ მოეწონა, რადგან მათ არ შეუძლიათ იფიქრონ საზოგადოებაზე, არ შეუძლიათ იფიქრონ ყველაზე დაუცველ ფენაზე, როგორიც არიან ჩვენი პენსიონერები, “, – განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანიას განმარტებით, უახლოეს დღეებში კიდევ წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს სხვა ოლქებშიც. ალასანიას თქმით, ბევრი ქალი უნდა იყოს სიებში. მისი დაპირებით, პარტიულ სიებში 30% იქნება ქალი კანდიდატები იქნებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი