ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციები “პანორამა თბილისის” მშენებლობის წინააღმდეგ

5 ივლისი, 2016 • 3014
სამოქალაქო ორგანიზაციები “პანორამა თბილისის” მშენებლობის წინააღმდეგ

რეგულაციები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა “პანორამა თბილისის” პროექტისათვის მასშტაბური მშენებლობების დაწყება, დღეს, 5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

სარჩელი ეფუძნება ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ ჩატარებულ კვლევას. ამ კვლევის თანახმად, “პანორამა თბილისის” პროექტის მშენებლობები ექცევა ისტორიული დაცვისა და ლანდშაფტის დაცვის ზონებში, სადაც, კანონის თანახმად, მასშტაბური მშენებლობები დაუშვებელია. შესაბამისად, მოსარჩელეების მტკიებით, რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც “პანორამა თბილისის” პროექტის შემადგენელი მშენებლობები დაიწყო, უკანონოდ არის გამოცემული.

5 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” წარმომადგენელმა, ანანო ცინცაბაძემ განმარტა, რომ ასაჩივრებენ იმ რეგულაციებს და სხვადასხვა მეთოდებით კანონისთვის თავის არიდებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგად ზონაში “პანორამა თბილისის” პროქტის სახით მასშტაბური განაშენიანების დაშვება.

მოსარჩელეები ითხოვენ, რომ სამართლებრივი ძალა დაეკარგოს და გაუქმდეს ის ნებართვები, რომლებიც კანონდარღვევით მიღებული რეგულაციების საფუძველზეა გაცემული.

საქალაქო სასამართლოში "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ შეტანილი ადმინისტრაციული სარჩელის ავტორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ნიკოლოზ წიქარიძე, ლინა ღვინიანიძე, ცირა ელისაშვილი, მანანა ქოჩლაძე, ანანო ცინცაბაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 05.07.2016

საქალაქო სასამართლოში “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ შეტანილი ადმინისტრაციული სარჩელის ავტორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ნიკოლოზ წიქარიძე, ლინა ღვინიანიძე, ცირა ელისაშვილი, მანანა ქოჩლაძე, ანანო ცინცაბაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 05.07.2016

“სარჩელი ძალიან თანმიმდევრულად ასაბუთებს, როგორ იყენებს არსებული ხელისუფლება იმ მავნე პრაქტიკებს და ჩვევებს, რომელიც კანონმდებლობის დარღვევის თვალსაზრისოთ შეიმუშავა წინა ხელისუფლებამ. მავნე პრაქტიკის გაგრძელება საფუძვლად დაედო პანორამა თბილისს – მასშტაბურ განაშენიანებას საჯარო სივრცეში, სრულიად გამოუკვლეველი შედეგებით, რომელიც მას შეიძლება მოჰყვეს ქალაქისა და საზოგადოებისთვის,”- ამბობს ანანო ცინცაბაძე.

მოსარჩელეები არიან 5 არასამთავრობო ორგანიზაცია და 3 სამოქალაქო მოძრაობა: ინიციატივა საჯარო სივრცისთვის, EMC, მწვანე ალტერნატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, პარტიზანული მებაღეობა თბილისი, თბილისის ჰამქარი, მწვანე მუშტი. ამ არასამთავრობებს და სამოქალაქო მოძრაობებს “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართულ არაერთ საპროტესტო აქციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები და პანორამა თბილისის პრპექტში შამავალი მშენებლობები. წყარო: ორგანიზაცია "ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" კვლევა.

რუკაზე აღნიშნულია პანორამა თბილისის პროექტები “სოლოლაკი ჰილზი”, “სოლოლაკის მაღლობი” და “თბილისი სითი”, რომლებიც მოქცეულია ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონასა და ლანდშაფტის დაცვის ზონაში. წყარო: ორგანიზაცია “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” მიერ ჩატარებული კვლევა.

რა გამოავლინა ჩატარებულმა სამართლებრივმა კვლევამ?

კვლევაში საუბარია იმ სამართლებრივ ხარვეზებსა და პროცესებზე, რომლის მეშვეობითაც, კვლევის თანახმად, შესაძლებელი გახდთბილისის კულტურული მემკვიდრეობის მკაცრი დაცვის ზონაში პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ნებართვების გაცემა:

  • თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 2009 წლიდან დღემდე უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონების დამდგენი დოკუმენტი.
  • 2009 და 2014 წლებში მიღებულ თბილისის არც ერთ გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა თბილისისათვის დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონის – თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა;
  • იმ ფაქტმა, რომ თბილისის გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა, ქალაქის მუნიციპალიტეტს მისცა საშუალება, მშენებლობები დაეშვა განაშენიანებისათვის კანონით აკრძალულ ზონებში.
  • ისტორიული დაცვის ზოგადი ზონის გაუჩინარების შედეგად, გენერალურ გეგმებში ამ ტერიტორიებზე დარჩენილი ფუნქციური ზონები ზედმეტი დაბრკოლების გარეშე ხდებოდა ქალაქის მუნიციპალური ორგანოების ცვლის ობიექტი. დადგენილი ზონების უგულებელყოფით, ქალაქის მუნიციპალურმა ორგანოებმა მიიღეს დაცვის ზონისგან თავისუფალი ტერიტორიები, სადაც დასაშვები გახდა მასშტაბური მშენებლობები.
  • ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის შესაბამისი რეჟიმებით დადგენილი რეგულირების თავიდან აცილებითაა გაცემული მშენებლობის ნებართვები პროექტისათვის “პანორამა თბილისი”.

 

“პანორამა თბილისის” პროექტის შესასწავლად “ტფილისის ჰამქარმა” იუნესკოს ექსპერტები მოიწვია

“ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელი, ცირა ელისაშვილი შიშობს, რომ შესაძლოა პანორამა თბილისის აშენებით თბილისის ისტორიულმა ნაწილმა იუნესკოს კულტურული მემკვირეობის ძეგლის სტატუსის მიღების შანსი დაკარგოს.

მან  ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ დაახლოებით 3 თვეა, აქვთ მოლაპარაკება იუნესკოს ექსპერტებთან, რომ ადგილზე ჩამოვიდნენ და “პანორამა თბილისის” პროექტი შეისწავლონ.

2015 წლის სექტემბერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წამყვანმა ბრიტანულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტსა და მინისტრებს გაუგზავნეს წერილი, რათა “პანორამა თბილისის” პროექტის მშენებლობა შეეჩერებინათ. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ “პანორამა თბილისი” გავლენას მოახდენს თბილისის ისტორიულ ნაწილზე.

ცირა ელისაშვილის განაცხადებით, მაშინ ხელისუფლებამ ისინი დაადანაშაულა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და “ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში”. სწორედ ამიტომ, ცირა ელისაშვილის თქმით, ახლა მოიწვიეს იუნესკოს ოფიციალური ექსპერტები, რომლებიც “პანორამა თბილისის” მშენებლობის საკითხზე კვლევას ჩაატარებენ. ელისაშვილის თქმით, ჩამოსულ ექსპერტებს შეახვედერებენ როგორც ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ხელისუფლების წარმოამდგენლებსაც.

ელისაშვილის თქმით, ექსპერტები თბილისში სავარაუდოდ სექტემბერში ჩამოვლენ.

“ისინი დადებენ ოფიციალურ დასკვნას, რა რისკები არსებობს ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში თბილისის ნომინირებასთან დაკავშირებით. ვინაიდან იუნესკოს არ მიუღია გადაწყვეტილება თბილისთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ ეს პროქტი იყოს ბოლო წერტილი იმისათვის, რომ იუნესკომ თქვას უარი თბილისის მიღებაზე. უარი ნიშნავს იმას, რომ იუნესკო ამ თემას მეორეჯერ არ დაუბრუნდება,”- ამბობს ცირა ელისაშვილი.

“პანორამა თბილისთან” დაკავშირებული სხვა რისკები

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარემ. მანანა ქოჩლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო კულტურული მემკიდრეობისა და ლანდშაფტის შეცვლის საშიროების კუთხით, არამედ სატრანსპორტო ნაკდების ზრდის გამოც. ასევე. ქოჩლაძე ამბობს, რომ თიუკი “პანორამა” აშენდება თბილისის ცენტრალურ უბანში, კიდევ უფრ მეტად გაიზრდება ჰაერის დაბინძურება.

“პანორამა თბილისის ისეთ დაგეგმარება, როგორც ის არის მოფიქრებული, საფრთხეს უქმნის ქალაქის მდგრად განვითარებას – იმგვარ განვითარებას, როდესაც ქალაქი ბუნებრივად ვითარდება ლანდშაფტური მრავალფეროვნების დაცვის გზით. შესაბამისად, ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს პროექტი საკმაოდ პრობლემატურია. არ ყოფილა გარემოს ზემოქმედებაზე შეფასების სრულფასოვანი დოკუმენტი, ხოლო ის დოკუმენტი, რაც მომზადდა, მისი ნაკლოვანებები უკვე დღეს ძალიან კარგად ჩანს. უკვე დღეს, მაგალითისთვის, ძალიან გაიზარდა მოძრაობა სოლოლაკის აღმართზე. შესაბამისად, ამან გაზარდა ხმაური და ვიბრაცია ახლომდებარე სახლებისთვის და მოსახლეობისთვის. ასევე ძალიან გაზარდა დაბინძურება, პირველ რიგში, მტვრის ნაწილაკებით, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას,”- ამბობს მანანა ქოჩლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი