ახალი ამბები

უსუფაშვილი: არ მინდა მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ

4 ივლისი, 2016 • 1204
უსუფაშვილი: არ მინდა მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც  პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მას ხელისუფლებაში ანტიევროპული და პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი მინისტრების ნახვა არ სურს:

“მე არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ. მე მოვესწარი პერიოდს, როდესაც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ ამ ქვეყანას, ანუ კომუნისტები. დარწმუნებული ვარ, ეს ეპოქა აღარ დაბრუნდება, საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით, თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებით, პროევროპულმა, დასავლურმა ძალებმა ამას ერთმანეთთან თანამშრომლობით უნდა მივაღწიოთ და არა ძალისმიერი მეთოდებით.”

უსუფაშვილის განმარტებით, საზოგადოების ნაწილი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს, დამნაშავედ არ უნდა გამოცხადდეს:

“ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ  საზოგადოების ნაწილი დამნაშავედ  გამოვაცხადოთ იმიტომ, რომ რაღაც საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს. დამნაშავედ ადამიანს კანონი და პროკურორი აცხადებს”.

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით,  მიუხედავად იმისა, ვის, რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთპარტიულ უმრავლესობაზე, მომავალ პარლამენტში სხვადასხვა პარტიები იქნება:

“მთავრობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობა და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა იქნება პროდასავლური და ასეთივე მთავრობას შექმნის, მაგრამ პარლამენტში 150 ადგილი არის და არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადგილებიდან რამდენიმე იმ ხალხმა მიიღოს, ვინც სხვა მიმართულებას უჭერს მხარს. ეს კატასტროფა არ არის, სასურველ მოვლენადაც არ ვთვლი, მაგრამ ამასთან ხმლით და ტაბურეტკებით ბრძოლა სწორი არ იქნება. ”

2 ივლისს აშშ–ში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ “ნეტგაზეთთან”  საუბრისას განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული განწყობის პოლიტიკსოები არიან, თუმცა ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას ვერ ახდენენ:

“არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა. დღევანდელი ჩვენი პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ რისკები შემცირდეს და თავიდან ავირიდოთ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და არა იმაზე, რომ დათვს ბაბაია დავუძახოთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი