ახალი ამბები

საპატრიარქო პირობას უყენებს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას

9 თებერვალი, 2012 • 1066
საპატრიარქო პირობას უყენებს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას

აზიზიეს მეჩეთი  ძველ ბათუმში
აზიზიეს მეჩეთი ძველ ბათუმში

საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკება და შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით ხორციელდება.

ასე აფასებს საპატრიარქო საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის ზეპირ შეთანხმებას, რომელიც ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას, ახალციხეში კი ახმედის მეჩეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, თურქეთის ტერიტორიაზე იშხანისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ.

საპატრიარქოში აცხადაებენ, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორი წლის მანძილზე წარმოებდა ისე, რომ საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.

საქართველოს საპატრიარქო საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს ასეთ პირობას უყენებს:

“ვითხოვთ, უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.”

ახალციხის მეჩეთი
ახალციხის მეჩეთი

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოს ამ პირობას. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით გასცემენ პასუხს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკა რურუას თურქეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი ორ ქვეყანას შორის ზეპირი შეთანხმების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, იშხანისა და ოშკის, რესტავრაციის სანაცვლოდ, თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს. უფრო დეტალური ინფორმაცია მხარეებს ჯერ არ გაუვრცელებიათ, რადგან ამ დრომდე არ არ გაფორმებულა აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური ხელშეკრულება.

ამავე თემაზე:

რას ფიქრობენ ახალციხეში მეჩეთის რეაბილიტაციის თაობაზე

რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება

კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

კულტურის სამინისტრო: მეჩეთის აგებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა

ვნებათაღელვა ახალ მეჩეთთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი