ახალი ამბები

როგორ ამზადებენ საპარლამენტო ქალაქის ცენტრს

9 თებერვალი, 2012 • 2192
როგორ ამზადებენ საპარლამენტო ქალაქის ცენტრს

ქუთაისში, ცენტრალური მოედნის გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება თამარ მეფისა და გელათის ქუჩებზე მდებარე რამდენიმე შენობას.

მაგული ნოდია ქუთაისში, თამარ მეფის #2-ში მდებარე მაღაზიაში მუშაობს. ამბობს, რომ ჯერ არაფერი სმენია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს შენობას, სადაც მუშაობს.

„არჩევნები ახლოვდება, თან ქალაქში პარლამენტი გადმოდის და ალბათ, ემზადებიან,“ – ამბობს ის.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ თამარ მეფის #2-ში მდებარე შენობის გარდა, ამ ქუჩაზე კიდევ სამ კორპუსს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია – გაუმაგრდება საძირკველი და ზემოდან დაემატება კიდევ ერთი სართული.

თამარ მეფის #4
თამარ მეფის #4

თამარ მეფის #4
თამარ მეფის #4

დამატებითი სართული დაედგმება ცენტრალურ მოედანზე მდებარე “თიბისი ბანკის” შენობის გვერდით მდებარე კორპუსსაც, რომელიც ბანკის შენობის სიმაღლეს გაუტოლდება.

„ყველაფერი არქიტექტურის სამსახურის ნებართვით კეთდება. სართულების დამატებით აღნიშნულ კორპუსებს საფრთხე არ დაემუქრება. დამატებითი ფართი, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ გაჩნდება, ჯერჯერობით სახელმწიფოს კუთვნილებაში იქნება. ამ ეტაპზე რეალურად არ ვართ ჩამოყალიბებული, რა განთავსდება დამატებულ ფართებში,“- აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

შენობების რეკონსტრუქციის პროექტი შპს „ხურო 21“-მა 100 000 ლარად შეადგინა. კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშოებს შეასრულებს, ტენდერის შედეგად გამოვლინდება, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება. აღნიშნული სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2’300’000 ლარია გამოყოფილი. ამავე პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება ლადო მესხიშვილის თეატრის გვერდით, გელათის ქუჩაზე მდებარე ორი კორპუსის გარე ფასადი.

“რეაბილიტირებული ცენტრალური მოედანი, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი და რეკონსტრუირებული თამარ მეფის ქუჩა დაამშვენებს საპარლამენტო ქალაქს,“- ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.

ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში ქუთაისში შენდება ე.წ. კოლხური შადრევანი, შადრევნის ირგვლივ, მოედნის სავალ ნაწილზე იგება ფერადი ქვაფენილი, მონტაჟდება ახალი განათების სისტემა. პროექტისთვის 5 მილიონი ლარი იხარჯება. რაც შეეხება მესხიშვილის თეატრს, მისი რეაბილიტაცია სამ ეტაპად განხორციელდება – ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები, მოჩუქურთმებული ფასადის რესტავრაცია და ეკლარის პერანგის გასუფთავება. მეორე ეტაპზე თეატრში დაგეგმილია შიდა სამუშაოები (ჭერის მოხატვა, პარტერისა და იარუსების კეთილმოწყობა), ხოლო ბოლო ეტაპზე გარემონტდება თეატრის სცენა.

ქუთაისში ცენტრალური უბნების რეაბილიტაციის პროექტი 2007 წელს დაიწყო და პირველი ეტაპი 2008 წელს დასრულდა. მაშინ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 30 მილიონი ლარი გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან. ქალაქის ისტორიული უბნის იერსახის აღდგენა საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოხერხდა. თუმცა 2008 წლის შემდეგ რეაბილიტირებული უბნის განახლება დაზიანებისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო არაერთხელ მოხდა. ასევე, ფინანსური პრობლემების გამო დროში გაჭიანურდა სარეაბილიტაციო პროექტის მეორე ეტაპის დაწყება.

ცენტრალური უბნის რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის ოქტომბრიდან განახლდა და ის 2 მაისს, ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე დასრულდება.

თამარ მეფის #5
თამარ მეფის #5

ამავე თემაზე:

სააკაშვილის ყველაზე საყვარელი შადრევანი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი