ახალი ამბები

თბილისში დიდი ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს

1 ივლისი, 2016 • 1168
თბილისში დიდი ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს

დღეს, 1 ივლისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა დიდი ჰესების მშენებლობის საინააღმდეგოდ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეწყდეს დიდი ჰესების მშენeბლობა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებას, ხოლო მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს აუარესებს.

აქციაზე მყოფმა გია ცინდელიანმა, რომელიც სვანეთის ჭუბერის თემის მცხოვრებია, განაცხადა, რომ მოსახლეობა დიდი ჰესების აშენების შემთხვევაში იძულებული გახდება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე იფიქროს. მისი თქმით, იმ ადგილას, სადაც ნენსკრაჰესი უნდა აშენდეს, დღეს მეწყერი ჩამოწვა და მდინარემ კალაპოტი შეიცვალა.

ნენსკრაჰესის მშენებლობას სვანეთის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ისინი საპროტესტო აქციებს თბილისსა და სვანეთში მართავენ. ცინდელიანის თქმით, ზემო სვანეთის მოსახლეობა 3 ივლისს სვანეთში შეიკრიბება და ჰესების მშენებლობის საკითხის შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის შმენებლობას საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” ახორციელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი