ახალი ამბები

შტაინმაიერი: ვიზებთან დაკავშირებით სავარაუდოდ სექტემბრის მეორე ნახევარში ლოგიკურ შედეგამდე მივალთ

1 ივლისი, 2016 • 1990
შტაინმაიერი: ვიზებთან დაკავშირებით სავარაუდოდ სექტემბრის მეორე ნახევარში ლოგიკურ შედეგამდე მივალთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი თბილისში იმყოფება.  დღეს იგი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს, რის შემდეგაც მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეიდან, 1 ივლისიდან ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების თარიღზეც ისაუბრა:

“ვიზებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევარში ლოგიკურ შედეგამდე მივალთ,”- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ დროსთან და შეჩერების მექანიზმის შემაშუვებასთანაა დაკავშირებული.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, არსებული კონფლიქტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ასევე გადაწყდა, რომ 2017 წელი იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობების წელიწადი.

შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე დაესწრება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი