ახალი ამბები

მარგველაშვილი: ბრექსიტის შედეგები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს არ ეხება

30 ივნისი, 2016 • 1930
მარგველაშვილი: ბრექსიტის შედეგები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს არ ეხება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გერმანიის პრეზიდენტს, იაჰიმ გაუკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  ბრექსიტის შედეგები არ აისახება საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

“საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელსაც საქართველო ავითარებს ევროკავშირთან, ბრექსიტის შედეგებს არანაირი გავლენა არ აქვს. ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც განსაზღვრული გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც გულისხმობს თავისუფალ ვაჭრობას, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიმართულებებს, რაც ამის გაგრძელებად გულისხმობს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს – არც ერთ ამ თემას ბრექსიტის შედეგები არ ეხება,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა გავლენას არ იქონიებს საქართველოს საკითხზე, რომელიც დღის წესრიგშია, და ბრექსიტი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვას არ შეაფერხებს.

ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვების გადაწყვეტილება 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის საფუზველზე მიიღო. ამომრჩევლების 51.9%-მა მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა, ხოლო დარჩენა 48.1%-ს სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი