ახალი ამბები

უსუფაშვილი: საერთაშორისო ვალდებულებები ჩვენს შიდა კანონმდებლობაზე მნიშვნელოვანია

30 ივნისი, 2016 • 1477
უსუფაშვილი: საერთაშორისო ვალდებულებები ჩვენს შიდა კანონმდებლობაზე მნიშვნელოვანია

“ოკუპაციის შესახებ კანონი მოქმედებს და იმოქმედებს ყველა დღეს და ყველა წუთს. ამასთანავე, ამ ღონისძიებაში მონაწილეობის პროცესში ხელი არავის შეეშლება. ეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საერთაშორისო ვალდებულებები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შიდა კანონმდებლობა,” – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

მიმდინარე წლის აპრილში საუბარი იყო “ოკუპაციის შესახებ” კანონის გადახედვაზე, რადგან ეუთოს სურდა, რომ საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილება მიეღო ეუთოს ყველა წევრ ქვეყანას. რუსეთის დელეგაციის რამდენიმე წევს კი, სავარაუდოდ, დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი.

“მემორანდუმიც გაფორმდა იმის თაობაზე, რომ სესიაში მონაწილე დელეგატებს საქართველოში არანაირი პრობლემა შეექმნებათ მანამ, სანამ ეუთოს ღონისძიებაში მონაწილეობენ. ეს ყველა დელეგაციას ეხება,” – ამბობს უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან პირნათელი უნდა იყოს:

“თუ ჩვენ პირნათელი ვერ ვიქნებით, თუ ჩვენ მათ ხელს შევუშლით ნორმალურ ფუნქციონირებაში, ამით ჩვენ დავკარგავთ, ჩვენ წავაგებთ იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად ვართ მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში, მათ შორის რუსულ ოკუპაციასთან გამკლავებაში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან მჭიდროდ, იმ წესების და სტანდარტების დაცვით, რასაც საერთაშორისო თანემეგობრობა გულისხმობს.”

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება. თბილისი  ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს თემით: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.  საპარლამენტო ფორუმს 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მისი წევრი 57 ქვეყნიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი