ახალი ამბები

“ოცნების” შიდა პარტიული კვლევით, ენმ-სთან შედარებით ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს

30 ივნისი, 2016 • 1483
“ოცნების” შიდა პარტიული კვლევით, ენმ-სთან შედარებით ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს

სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ, რომლის ორგანიზაციაც “ქართული ოცნების” დაკვეთით შიდა პარტიულ კვლევებს აკეთებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “მთავარი თამარ ჩიქოვანთან” იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გახადა საჯარო, რომლის მიხედვით “ქართულ ოცნებას” ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს “ნაციონალურ მოძრაობასთან” შედარებით.

ბიგვავას თქმით, ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” რეიტინგი იყო 30%-მდე, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” – 15%-მდე.

“ახლა არის “ნაციონალური მოძრაობა” 13%-მდე და “ქართული ოცნება” სადღაც 35%. აი, ასეთი სხვაობაა, ეს არის რეალობა და სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებს ამას. მაგალითად, გაიზარდა მკვეთრად ქართული ოცნების ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი. 42% თუ არის კვირიკაშვილის რეიტინგი, სადღაც 21%-ია დავით ბაქრაძის რეიტინგი”, – განაცხადა ბიგვავამ.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევა პარტიული რეიტინგების და ეს მონაცემები, რაც გახდა საჯარო, ასახავს იმ რეალობას, როცა ქართულ ოცნებას ჯერ არ დაუწყია წინასაარჩევნო კამპანია.

ბიგვავას ორგანიზაციამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2013 წლის 1 ოქტომბერს, გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, ხოლო უშუალოდ კვლევა ჩატარებული იყო 2013 წლის აგვისტოში. აღნიშნული კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი იყო 56%, დავით ბაქრაძის -11.95%. ცესკოს შედეგებით, მარგველაშვილმა მიიღო ხმების 62.12%, ხოლო დავით ბაქრაძემ – 21.73%.

მასალების გადაბეჭდვის წესი