ახალი ამბები

თბილისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები დღეიდან აღდგება

29 ივნისი, 2016 • 2054
თბილისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები დღეიდან აღდგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, თურქეთის დროით 17:00 სთ-დან, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში აღდგება ფრენები. ამ დროისთვის კი ავიაკომპანიები ახორციელებენ მგზავრებისთვის ბილეთების გადაცვლის პროცედურებს.

როგორც თბილისის აეროპორტში ამბობენ, 2016 წლის მარტის შემდეგ, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე ფრენები არ ხორციელდება. აეროპორტის ინფორმაციით, არ იგეგმება სტამბულის მიმართულებით 29 ივნისს საღამოს და შემდეგ დაგეგმილი რეისების გაუქმება.

სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებული აფეთქებებისა და სროლის შედეგად დაღუპულია 36, დაშავებული კი – 147 ადამიანი. ამჟამად, ბიბისისვე ცნობით, აეროპორტიდან ფრენები გრძელდება, მაგრამ საინფორმაციო დაფებზე ჩანს, რომ ფრენების მესამედი გაუქმდა, ან გადაიდო.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამბობენ, 28 ივნისს, საღამოს 11 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმავალი თვითმფრინავი სტამბულის ნაცვლად ანკარაში ჩაფრინდა. ასევე, 29 ივნისს ათათურქის აეროპორტიდან თბილისში ჩამოფრინდა 00:30-ზე. ეს რეისი, როგორც აეროპორტში ამბობენ, 02:35-ზე უნდა გაფრენილიყო ათათურქის აეროპორტის მიმართულებით, თუმცა ფრენა არ განხორციელდა.

არ შესრულდა კიდევ ერთი რეისი, რომელიც 29 ივნისს, 04:55-ზე უნდა მოფრენილიყო თბილისში და უკან 06-35-ზე გამგზავრებულიყო. გაუქმდა კიდევ ერთი ავიაკომპანიის, “ატლას გლობალის” რეისები – თვითმფრინავი 29 ივნისს, 02:35-ზე უნდა მოფრენილიყო და 05:05-ზე უკან დაბრუნებულიყო.

ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინზის” ოფისში, “ნეტგაზეთის” ცნობით, მომხმარებლები მოდიან ბილეთების საყიდლად და ბილეთების გადასაცვლელად, რადგან რეისების დროები შეიცვალა. კომპანიის წარმომადგებლობა ჟურნალისტებთან საუბრისაგან თავს იკავებს. “ნეტგაზეთი” ესაუბრა მყიდველებს, ვინც ავიაკომპანიის ოფისში იყვნენ მისული. რეისების დროის ცვლილების გამო მათი უმრავლესობა ახალი ბილეთების ასაღებად იყვნენ მისული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, პრობლემა მხოლოდ სტამბულის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებს შეექმნა. “სტამბულის მეორე, საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია “პეგასუსი” დაუბრკოლებლად გაფრინდა”, – აცხადებენ თბილისის აეროპორტში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე… არსებული რისკფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება”.

შსს-ს ცნობით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა “სრულ მზადყოფნაშია” და სასაზღვრო პოლიცია “მაქსიმალურად აკონტროლებს” სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს 120-მდე მოქალაქე სტამბულის სასტუმროებშია გადაყვანილი. “ახლა ვმუშაობთ ავაიკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში“ – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა 29 ივნისს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაახლოებით 60 მგზავრს საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს სასტუმროს ხარჯებს. მათივე ინფორმაციით, მგზავრთა მცირე ნაწილმა გადაწყვიტა, აღარ დალოდებოდა ავიარეისების აღდგენას თბილისის მიმართულებით და საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამომგზავრებულიყო, რაშიც საკონსულომ ასევე აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა: „ჩემს ხელთ არსებული ამ წუთის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან, რაც კარგია, და ამავე დროს, ჩვენ ვიზიარებთ სრულად იმ მწუხარებას, რომელიც თურქ ხალხს აქვს. ვგმობ ტერორიზმს და ტერორიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას. ვიმედოვნებ, რომ მაქსიმალურად იქნება მიღებული ზომები იმისთვის, რომ მომავალში ასეთი უბედურება აღარ მოხდეს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასევე, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბულში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაბზონში (+90 541) 326-22-26;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაციით, თურქული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს, თუმცა მონაცემები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. “სტამბოლში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა თურქეთის შესაბამის სამსახურებთან, შემოდის უწყვეტი ზარები საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც საკონსულოს წარმომადგენელები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს”, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი