ნეტგაზეთი | მაია ურუშაძე: რუსეთის პოზიცია ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე გამყარდა მაია ურუშაძე: რუსეთის პოზიცია ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე გამყარდა – Netgazeti
RU | GE  

მაია ურუშაძე: რუსეთის პოზიცია ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე გამყარდა

რას ნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებები საქართველოში დაგეგმილ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე? როგორ აისახებ რეგიონში არსებულ ვითარებაზე თურქეთის მხრიდან მოსკოვის წინაშე მობოდიშება და რა გავლენას მოახდენს ბრექსიტი ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ და გააძლიერებს თუ არა ეს ამ ქვეყნებში კრემლის გავლენებს? ამ საკითხებზე ვესაუბრეთ “კავკასიური სახლის” პროექტის – “ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის” კოორდინატორს, მაია ურუშაძეს:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიება წარმატებით ვერ გაგრძელდება, თუ საქართველო და რუსეთი აფხაზეთის სტატუსზე არ შეთანხმდებიან და საქართველო “უშედეგო კამათს” არ შეწყვეტს. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ ვთლი, რომ დიალოგი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ინფორმაციის გაცვლა მოხდეს და კონფლიქტის გრადუსის ზრდა თავიდან ავიცილოთ. ასევე, ეს იმის საშუალებაა, რომ რუს მაღალჩინოსანთან მივიტანოთ ინფორმაცია. ის, რომ კარასინის შეფასება ისეთ კერძო შემთხვევაზე, როგორიც არის გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, რომელიც რეალურად უნდა ეფუძნებოდეს საქმის მოკვლევას და გამოძიებას და არ უნდა სჭირდებოდეს მაღალი რანგის პოლიტიკოსების ჩარევა, არის პოლიტიკური და კარასინს შემოაქვს კვლავ აღიარების საკითხი, ეს, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის ფორმატსაც აზიანებს და მოლაპარაკებებზეც დადებითაც არ იმოქმედებს. ის განცხადებაც, რომ საქმე უნდა გამოიძიოს მხოლოდ აფხაზურმა მხარემ, ეს არის რეალობის დამახინჯება. ფაქტია, რომ აფხაზეთი ამ საქმეს გამოიძიებს, თუ იქნება შესაბამისი ნება რუსეთისაგან.

კარასინის თქმით, ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიება მნიშვნელოვანია, თუმცა უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თემა რუსულ მხარესთან დასაპირისპირებლად გამოიყენეს. კარასინი ვერ ხედავს მომხდარში რუსული მხარის პასუხისმგებლობას.

ასეთი განცხადებები, ზოგადად, მისგან არ არის გასაკვირი და უჩვეულო, მაგრამ კარასინს ავიწყდება, რომ იმის მიუხედავადაც, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი არ იყოს, ამ ფაქტს მაინც მოჰყვებოდა პოლიტიკოსების მძაფრი რეაქცია. საკითხი ისევე იდგებოდა დღის წესრიგში, როგორც ახლა. შიდაპოლიტიკური პროცესები არ ახდენს გავლენას თემის მიმართ გამოხატულ ინტერესზე.

რუსული მხარის მიერ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, რომ საუბარი შეეხო ოთხოზორიას მკვლელობას აბაშიძე-კარასინის ბოლოს შეხვედრის დროს, 27 ივნისს, პრაღაში. არც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზეა ნათქვამი, რაზეც ქართული მხარის ცნობით ასევე ესაუბრა აბაშიძე კარასინს. ცდილობს თუ არა რუსეთის საგარეო უწყება მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის დამალვას?

წინასწარ დაანონსებული საკითხების ჩამონათვალშიც არ იყო ეს თემები. შესაბამისად, ეს არის რუსეთისათვის გამოყოფილი თემები. არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა გარშემოც საუბრობს ის საქართველოს ხელისუფლებასთან, არის რაღაც საკითხები – იქნება ეს აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის შესახებ, რომლებსაც ის თვლის, თავისი აღიარებული პოზიციებიდან გამომდინარე, რომ ამ ფორმატში არ უნდა ისაუბროს. რუსეთის ხელისუფლებისთვის ეს არის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს.

ოფიციალური პოზიციები, რომლებსაც აჟღერებს რუსეთი, არის დაყვანილი კონკრეტულად თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე. პრობლემურ საკითხებზე, კონფლიქტებზე ის ამ ფორმატში ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებს. შეიძლება კარასინმა გააკეთოს განცხადებები. არ ნიშნავს, რომ ეს განცხადებები ნაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა პრინციპულად რუსული მხარე არ აღნიშნავს ოფიციალურ ინფორმაციაში, რომ საუბარი ამ თემებზე შედგა. გარკეულწილად ეს არის რეალობის დამახინჯება, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ისინი მაინც ჩრდილში მოაქცევენ ამ თემებს. ორმხრივი ურთიერთობების შესახებ განცხადებებს გააკეთებენ მხოლოდ იმაზე, რაზეც არის შესაძლებელი რეალური თანამშრომლობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის კარასინის ინიციატივა, რომ ინფორმაცია გაიცვალოს უსაფრთხოების საკითხებში, იმავე ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ეს თავად აბაშიძისათვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. ამ დრომდე სახელდებოდა საქართველოში არსებული უსაფრთხოების მხრივ პრობლემები იმის მიზეზად, რომ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები ვერ წყვეტდნენ საკითხს. გუშინ, როდესაც კარასინმა თავად შემოიტანა ეს საკითხი დღის წესრიგში, ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან არსებობს დაინტერესება. ორივე მხარისათვის ეს იქნება მომგებიანი თანამშრომლობა. რადგან ეს მოგვცემს საშუალებას, რომ რასაც რუსეთი ამ დრომდე იყენებდა, იმავე პანკისის ხეობასთან მიმართებაში, როდესაც ხდებოდა ხოლმე აპელირება, რომ იქ არიან ტერორისტები და არის არაკონტროლირებადი ვითარება, კითხვებს გაეცეს პასუხი და რუსეთს აღარ ჰქონდეს არგუმენტები, რათა ქართული საზოგადოების შანტაჟი გააგრძელოს.

კარასინის თქმით, 8 ოქტომბერი მათთვის საინტერესო იქნება, მაგრამ მისგან განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ელიან. ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი ყველანაირი შედეგისათვის მზად არის. რა შედეგს ელოდება რუსული მხარე და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს?

რთულია იმის თქმა, რა მოლოდინი აქვს რუსეთის ხელისუფლებას მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. რუსეთის მხარისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალიზაციის პროცესი. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს რადიკალური ცვლილებების გარეშე. მათ ინტერესებში არ შედის ისეთი განსაკუთრებული ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება მხარეებს შორის ესკალაციას შეუწყოს ხელი. შიდა დონეზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, ვინ, რა პროცენტით შევა პარლამენტში.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა უმჯობესდება. პუტინი ეკონომიკური სანქციების გაუქმებას არ აპირებდა თურქეთის მხრიდან ბოდიშის მოხდამდე. რას ნიშნავს ახლა ერდოღანის ბოდიში კრემლისთვის და თურქეთისთვის? რა გზავნილი შეიძლება იყოს ის როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისათვის?

თურქეთი კრიზისულ სიტუაციაშია. მუსლიმური დემოკრატიის შუქურიდან კრიზისულ ქვეყნად გადაიქცა, რომელსაც სერიოზული გამოწვევები აქვს რეგიონში. ერდოღანი იწყებს ურთიერთობების დალაგებას, ისრაელთანაც კი. რუსეთთან ურთიერთობების გადახედვაზე განცხადება ადრეც გააკეთა და გუშინ უკვე დიპლომატიურ დონეზეც გადაიდგა ეს ნაბიჯი. სავარაუდოდ, თურქეთი რუსეთისგანაც ელოდება საპასუხო ნაბიჯს.

რეგიონის სტაბილურობის მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად შეიძლება შეფასდეს პროცესი. რუსეთი გაიმყარებს პოზიციებს საერთაშორისო დონეზე. ის პრეტენზია, რაც ჰქონდა პუტინს მსოფლიო მოთამაშედ ქცევასთან დაკავშირებით, ეს არის ამის კიდევ ერთი გამამყარებელი ნიშანი. სირიასთან მიმართებაში თურქეთი და რუსეთი არ შეკავშირდებიან, მაგრამ რეგიონში მდგომარეობა დასტაბილურდება.

სავაჭრო ემბარგოების მოხსნამ შეიძლება ჩვენ დაგვაზარალოს, რადგან იმავე ტურისტების ნაკადი, რომელიც საქართველოსკენ უნდა წამოსულიყო, შეიძლება დავკარგოთ, მაგრამ რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ეს არის პოზიტიური განმუხტვა. ფაქტია, რეგიონში ცალსახა მოთამაშე ხდება რუსეთი.

როგორია ბრექსიტის შემდეგ რუსეთის როლი და რა საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს ევროპისათვის. დგება თუ არა ჩრდილში ევროპის ერთიანობის იდეა და როგორ გამოიყენებს ამას კრემლი?

პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ევროკავშირის კრიზისული მგომარეობის შემდეგ ბრიტანეთის გადაწყვეტილება არც ისე გასაკვირია. მაგრამ ის განცხადებები, რომ ამის უკან რუსეთი დგას, ცოტა არასერიოზულია. ევროკავშირი კონცენტრირებული იქნება ახლა შიდა პრობლემების მოგვარებაზე და საერთაშორისო, რეგიონალურ საკითხებს ალბათ შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად ჩამოშორდნენ. ევროკავშირის გაფართოების საკითხი კი კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა გახდება. ფაქტია, რომ რუსეთის პოზიცია ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე გამყარდა. ასევე, გერმანიისაც. სწორედ გერმანიის საგარეო პრიორიტეტების ჩამოყალიბება იქნება მნიშვნელობანი და ამას, ჩემი აზრით, უნდა დაველოდოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი