ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ აწყობენ ჩინოვნიკები რელიგიური სიწმინდეების გამოფენას კაბინეტებში

28 ივნისი, 2016 • 3392
რატომ აწყობენ ჩინოვნიკები რელიგიური სიწმინდეების გამოფენას კაბინეტებში

„დილით როცა მოვდივარ, ამას ვაღებ და პატივს მივაგებ ხატებს”, – გვიყვება არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ის საკუთარ სამუშაო კაბინეტში რელიგიურ კუთხეს გვაჩვენებს. სიწმინდეები ისე ალაგია, შესვლისთანავე რომ შეამჩნევ. აქვეა სუვენირებიც, მაგალითად, აშშ-ის თავისუფლების ქანდაკება.

„მშვიდად ვარ ასე უფრო, რა ვიცი. სანთელსაც ვანთებ დღესასწაულზე მამაოს მითითებით, როცა ვერ
ვახერხებ ტაძარში მისვლას”.

არჩილ ხაბაძე არ არის ერთადერთი, ვისაც სამუშაო კაბინეტში რელიგიური სიწმინდეები აქვს გამოფენილი – თითქმის ყველა თანამდებობის პირს დომინანტური რელიგიის კუთხე აქვს მოწყობილი, ყველას აოცებს კითხვები ამ თემაზე და არც ერთი მიიჩნევს, რომ ამით კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ განსაზღვრული – საეროობის პრინციპი ირღვევა.

„არ ვლოცულობ, უბრალოდ, მაქვს, მამხნევებს, ძალას, ენერგიას მმატებს და შრომისუნარიანობა იზრდება,” – გვიპასუხა იოსებ აბულაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კითხვაზე, რა დატვირთვა აქვს ხატებს მის სამუშაო კაბინეტში.

ის ფიქრობს, რომ ამით კანონით განსაზღვრული საეროობის პრინციპი არ ირღვევა, რაც გულისხმობს სეკულარიზმის პრინციპის დაცვას, განსაკუთრებით თანამდებობის პირისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში:

„საეროობის პრინციპს რატომ ვარღვევ? ცხოვრებაში არც ერთი კანონი არ დამირღვევია. ამისთანა რამე ვინმეს არ უთქვამს ჩემთვის. ევროპა რომ მოგწონთ, ევროპაში ამისთანა შეკითხვებს არ სვამენ საერთოდ. მერე რა, რომ სამუშაო ოთახია? ხატები ვინმეს არ უშლის ხელს, თავისთვის არის”.

მინისტრის მოადგილეს ხატებთან ერთად კაბინეტში ერთი დიდი ფოტოც აქვს – ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრიარქთან ერთად. არგუმენტი მარტივია: „ორივე ძალიან პატივსაცემი პირია ჩემთვის, მოკრძალებას გამოვხატავ და ამიტომ მაქვს”. დამშვიდობების დროს იოსებ აბულაძემ გვაგრძნობინა, რომ საკითხი უმნიშვნელოა: „ისე, სოფლის მეურნეობის ავკარგიანობაზეც რომ დაგესვათ ერთი-ორი კითხვა, არ იქნებოდა ცუდი”.

პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის სურათი დაგხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მეორე მოადგილის კაბინეტშიც: „სურათია, რა მოხდა მერე? პატრიარქი ყველაზე წმინდას გამოხატავს ჩემთვის. ასეთი სურათი მქონდა და ხომ არ ჩამოვჭრიდი? ვისაც მაგაზე პრობლემა ექმნება, იმ მოქალაქეს მგონი, ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაზე ლაპარაკის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს”, – ასე ფიქრობს ავთანდილ მესხიძე.

რელიგიური ატრიბუტიკა არ დაგვხვედრია სოფლის მეურნეობის მინისტრის კაბინეტში.

რელიგიური სიმბოლოები დაგვხვდა მინისტრისა და მისი ოთხივე მოადგილის კაბინეტებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ერთი პატარა ხატი აქვს მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძეს, ყველაზე დიდი კუთხე ხატებისთვის ნონა გალოგრეს გამოუყვია. ფოტოების გადაღების დროს გვითხრა, რომ ყოველ დილით ლოცულობს და ხანდახან სანთელ-საკმეველსაც ანთებს. სამსახურში არ დაგხვდა და ამ თემაზე არც კომენტარი გაგვიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ. მინისტრის კაბინეტში თუ მოხვდებით, მისი სავარძლის ზემოთ ხატებით სავსე თარო დაგხვდებათ.

„ნაჩუქარია ეს ხატები. მართლმადიდებელი კაცი ვარ და ხატებს სადღაც, კარადის თავზე ვერ შემოვდებდი”, – ასე შეეცადა ხატების არსებობის გამართლებას სამუშაო კაბინეტში განათლების მინისტრი, გია თავამაიშვილი.

მინისტრს უფიქრია ამ თემაზე და მიიჩნევს, რომ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღებით ამიტომაც უნდა მოეპყროს. გვარწმუნებს, რომ მასთან გამოფენილი ხატები არაა რელიგიური კუთხე. უბრალოდ, ნაჩუქარი ნივთებია და ერთად უდევს: „აქვეა, მაგალითად, ტაძრის ფოტო, პარხალია გამოსახული და თურქეთის კონსულმა მაჩუქა”. მინისტრს შევახსენეთ, რომ არ ვსაუბრობთ კულტურული მემკიდრეობის ძეგლებზე და გვაინტერესებს რელიგიური სიწმინდეების დანიშნულება სამუშაო კაბინეტში. მინისტრის პასუხი ასეთი იყო: „დამანებეთ ახლა თავი”.

სამუშაო კაბინეტში რელიგიური ნივთებით დაინტერესებამ გააღიზიანა გია თავამაიშვილის მოადგილე, სულიკო თებიძე: „დამალულია ეს. ვინც შემოდის, ხატს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. მთავარია, ადამიანს რწმენა ჰქონდეს, თორემ რაც უნდა ის იწამოს. ამ თემაზე სხვისი აზრი არ მაინტერესებს”. ხატი სტუმრისთვის განკუთვნილი სავარძლის პირდაპირ, კარადის ერთ-ერთ თაროზეა განთავსებული. მინისტრის მოადგილეს უკვირს, რატომ შეიძლება ჩნდებოდეს მსგავსი კითხვები: „იქნებ, უჯრაში რა მიდევს, ისიც ნახოთ”.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის კაბინეტში არ შეგვიშვა პრესსამსახურის უფროსმა, თამარ დიასამიძემ. დავით ბალაძის ხატები მისი არყოფნის პერიოდში გადავიღეთ. პრესსამსახურის განმარტებით, რელიგიური სიწმინდეები მინისტრს აჩუქეს და ამიტომაცაა გამოფენილი. თავად მინისტრმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა. ხატები დაგვხდა მინისტრის მოადგილის, ბესიკ ბოლქვაძის კაბინეტშიც. “ბათუმელებს” სამსახურში არც ის დახვდა.

„ეს არის არასეკულარული მიდგომის კლასიკური შემთხვევა, რომელიც ხშირად დისკრიმინაციაში გადადის, ეს არის უმრავლესობის ტირანია, რადგან ამ გზით ცდილობენ ჩინოვნიკები ლეგიტიმაციის მოპოვებას და ნდობის გაზრდას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ის ქობულეთის შემთხვევას იხსენებს, სადაც მოსახლეობამ მუსლიმურ მრევლს მედრესეს გახსნის საშუალება არ მისცა: „იქ იყვნენ პოლიციელები, რომლებსაც მართალია, არ გაუკეთებიათ არასეკულარული განცხადებები, მაგრამ თავიანთი უმოქმედობით ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციას”.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი იხენებს პოლიციელების საჯარო დალოცვას ეკლესიაში, როცა იქვე იმყოფებოდნენ ხელმძღვანელი თანამდებობის პირებიც პოლიციელის ფორმაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტის გამო უჩივლა თამთა მიქელაძის ორგანიზაციამ უწყების გენერალურ ინსპექციაში. არასეკულარული მიდგომისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგაც შეუტანია თამთა მიქელაძეს სარჩელი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში რეაგირება არ მომხდარა.

თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა არსებული სამართლებრივი სივრცეა: „კანონში არაა დაზუსტებული, კონკრეტულად რა სტანდარტით უნდა ხდებოდეს საეროობის პრინციპის დაცვა. სასამართლოში რომ ვიდავოთ, მაშინ რომელიმე კონკრეტული უფლება უნდა იყოს დარღვეული, რაც კანონითაა განსაზღვრული. ევროპული სტანდარტით, ადგილებში, სადაც ხშირად მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს იღებენ, აკრძალული უნდა იყოს რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენება. ეს მიანიშნებს იმას, რომ სახელმწიფოს ეს სივრცე არის არა ნეიტრალური, არამედ კონკრეტულ კონფესიას მიკუთვნებული. ეს პირდაპირ არღვევს სეკულარიზმის პრინციპს. ხატების დემონსტრაციული გამოფენა პრობლემაა მით უფრო აჭარაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია ან სხვა აღმსარებლობის. ამგვარი ღია აფილირება კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფთან იწვევს გაუცხოებას უმცირესობების მიმართ”, – ამბობს თამთა მიქელაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მას მიაჩნია, რომ ადამიანი რელიგიური უნდა იყოს: „თავიდანვე დიდ ყურადღებას ვაქცევდი ამას, რადგან 30 პროცენტზე მეტი აჭარაში მუსლიმია, არიან კათოლიკეები, გრიგორიანული ეკლესიის მიმდევრები, ებრაელებიც. მე ყველას ვულოცავ დღესასწაულებს. თუ რელიგიური არაა პიროვნება, არ სწამს ღმერთის, ალბათ შინაგანად ვერ იქნება ზნეკეთილი. როცა რელიგიურად ცხოვრობს ადამიანი, ის იცავს კანონს, უფრო მოსიყვარულეა და მიმტევებელი. ეს უფრო სწორი ცხოვრების წესია. მე არ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ ვინმეს ამაზე [იგულისხმება რელიგიური კუთხე სამუშაო კაბინეტში] პრობლემა ჰქონოდეს.”

კითხვაზე, რატომ არის საჭირო ხატების არსებობა სამუშაო ოთახში, სადაც ის გადაწყვეტილებების მისაღებად დაიქირავა ხალხმა და არა ლოცვისთვის, არჩილ ხაბაძე ასე პასუხობს: “სამუშაო სივრცე სახლშიც მაქვს, მანქანაშიც ვიღებ გადაწყვეტილებას”.

არჩილ ხაბაძის მსგავსი არგუმენტი მოვისმინეთ საკრებულოშიც. ხატები მამშვიდებს – გვითხრა თენგიზ აფხაზავამ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ. მან ხატების კუთხე საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებას დაუკავშირა, საეროობის პრინციპის დარღვევა კი, გამორიცხა: „ცხელ გულზე, გაღიზიანებულზე ყოველთვის მცდარი გადაწყვეტილება მიიღება. ხატები მამშვიდებს, როცა მშვიდი ხარ, კარგად აწონ-დაწონი სიტუაციას. ჩვენ ხომ კანონით გვაქვს გაწერილი თმენის ვალდებულება. შესაბამისად, ეს არის რწმენა, ეს არის მართლმადიდებლობა, რომელმაც ჩემი ქვეყანა მოიყვანა აქამდე.”

სამუშაო კარადის ძირითადი ნაწილი ხატებისთვის დაუთმია ირაკლი ჭეიშვილსაც. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის გამო მისთვის შენიშვნა არავის მიუცია: „დამხვდა ხატების დიდი ნაწილი და ორი-სამი მეც მივამატე, რომელიც მაჩუქეს. არ ვლოცულობ, ლოცვისთვის და რიტუალებისთვის ტაძარი არსებობს. ასეთი მნიშვნელოვანია ახლა ეს თქვენთვის, ამდენ შეკითხვას რომ მისვამთ? ერთ მოქალაქეს მაინც ხომ უნდა გამოეხატა, რომ ეს არ მოეწონა? რომ არ ეჩუქებინათ და არ დამხვედროდა რელიგიური კუთხე, არ მოვაწყობდი ალბათ. ვფიქრობ, თქვენ ხატის მნიშვნელობა არ იცით, თორემ ამ შეკითხვებს არ დამისვამდით”.

„ასეთი რევერანსებით ჩინოვნიკები ცდილობენ ნდობის მოპოვებას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ლეგიტიმურობასთან. თანამდებობის პირებმა იციან, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. პოლიტიკოსები ცდილობენ უმრავლესობას მიაკუთვნონ თავი და უმრავლესობას ეუბნებიან, რომ ისინი მათი ნაწილი არიან. ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები პირდაპირ არიან დაკავშირებული კონკრეტულ დომინანტურ რელიგიურ ჯგუფთან, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც აქტიურად ერევა პოლიტიკაში და იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

ამ ფონზე საზოგადოების ინფორმირება ძალიან დაბალია. ჩვენ საერთოდ არ ვსაუბრობთ ამ თემაზე. იმდენად არ ხდება ამ თემის განხილვა, რომ თავად რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დიდ ნაწილსაც კი არ ექნებათ მგრძნობელობა, თუკი რომელიმე კაბინეტში სხვა რელიგიის ატრიბუტიკას დაინახავენ”, – გვიყვება თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების და სწავლების მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი.

ხატებიც აქვს და სანთელსაც ანთებს სამუშაო კაბინეტში ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი. ეს მერის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს. გიორგი ერმაკოვი კვირის განმავლობაში „ბათუმელებს” ამ თემაზე არ დაელაპარაკა. მან იმის უფლებაც მისცა საკუთარ თავს, რომ საჯარო სივრცის – სამუშაო კაბინეტის გადაღება შეეზღუდა ჩვენთვის.

კომენტარი არ გაგვიკეთა არც ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა. ხატია მის სამუშაო ოთახშიც და ის ტექნიკური უნივერსიტეტის ფოტოს პირდაპირ არის განთავსებული. კომენტარი მოგვცა ალექსანდრე მითაიშვილმა, ბათუმის ვიცე-მერმა. მას სამლოცველო კუთხე მერიის ახალ ოფისში, ორბელიანის ქუჩაზეც გადაუტანია: „ყოველდღე ვლოცულობ ამ ხატებთან, დილით როცა მოვდივარ, შუადღითაც ვლოცულობ. ეს ჩემი სამუშაო ადგილია და მართლმადიდებლობა არის ჩემი აღმსარებლობა. ვის რაში ეშლება ხელი, არ მესმის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი