ახალი ამბები

პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით 194 670-მა მოქალაქემ ისარგებლა

27 ივნისი, 2016 • 1229
პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით 194 670-მა მოქალაქემ ისარგებლა

პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით, რომელიც 26 მაისიდან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა, 194 670-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. ინფორმაციას ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“დღეისათვის უკვე საარჩევნო სიაში 2 367 175 ზუსტი და გაუყალბებელი მონაცემია. აქედან, აქციის შედეგად პოტენციურ ამომრჩეველთა სიას 120 000 პიროვნების ბიომეტრიული მონაცემი დაემატა“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს საზოგადოებას აქციის შედეგები პირადად გააცნო. მინისტრის ინფორმაციით:

  • 194 670 პირიდან 26 მაისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა არ ჰქონდა 160 503 საქართველოს მოქალაქეს, რომლებმაც ისარგებლეს უფასო აქციით და დღეს უკვე ფლობენ გაუყალბებელ დოკუმენტს;
  • 194 670 პირიდან 26 მაისამდე ბიომეტრიული დოკუმენტი არ ჰქონდა  126 702 მოქალაქეს;
  • რეგისტრაციიდან იყო მოხსნილი 1 838 მოქალაქე, რომლებიც ამ აქციის შედეგად დაბრუნდნენ საარჩევნო სიაში;
  • მისამართის გარეშე იყო რეგისტრირებული 1 475 პირი და აქციის შედეგად მათი მისამართიც დაზუსტდა;
  • 26 მაისამდე იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი არ ჰქონდა 5 701 მოქალაქეს.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება  უფასოდ შეიძლებოდა. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს მიეძღვნა და მისი მიზანი პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტება იყო.  

ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღეს პირებმა 17 წლის ასაკიდან. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც

ელექტრონული პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი