საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევენ, რომ თინა ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროს მიერ წვევამდელების მიღების შეწყვეტის ბრძანება მთავრობის სხდომისა და უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილვის გარეშე არ უნდა მიეღო.
თინა ხიდაშელმა დღეს, 27 ივნისს, მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნაზე. თუმცა ეს უარი არ ნიშნავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, რადგან იმავე მოთხოვნაზე უარს არ ამბობენ შსს და სასჯელაღსრულების სამინისტრო.
“პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომაზე განხილვას და შესაბამის დასტურს, ასევე მიიჩნევს, რომ საკითხი უნდა განიხილოს უშიშროოების საბჭომ,”- განუცხადეს ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხიდაშელის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო. იგი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
“მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები მე ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იქნეს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ და უნდა იყოს განხილული კოლეგიურად როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოში,”- განაცხადა პრეზიდენტმა