ახალი ამბები

პაციენტის მშობელი ციციშვილის კლინიკის წინააღმდეგ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

27 ივნისი, 2016 • 3849
პაციენტის მშობელი ციციშვილის კლინიკის წინააღმდეგ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკას ერთ-ერთი პაციენტის მშობელი არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საავადმყოფოში ექიმებისა და ექთნების დაუდევრობას ბავშვების სიცოცხლე შეეწირა. მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი, მაგდა კალანდაძე ამჟამად საიას იურისტებთან ერთად აპირებს, რომ კლინიკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართოს.

“იმ ექთნებზე, რომლებისგანაც ბავშვების გარდაცვალების შესახებ დეტალები მოვისმინე, პროკურატურას მივაწვდი ინფორმაციას. რამდენიმე დღეში მივმართავ საიას შესაბამისი განცხადებით და მათთან ერთად შემდეგ უკვე საქართველოს პროკურატურას,” – აცხადებს მაგდა კალანდაძე.

მაგდა კალანდაძის თქმით, მას უკავშირდებიან მშობლები და საავადმყოფოში წარსულში მომხდარი მსგავსი მოვლენების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

კალანდაძემ 26 ივნისს სოციალურ ქსელ ფეისბუკში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმ მოვლენებს აღწერს, რომლებიც, მისი თქმით, 31 მაისიდან 10 დღის განმავლობაში საავადმყოფოში ვითარდებოდა. კალანდაძის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში კლინიკაში 1 ბავშვი გარდაიცვალა და ორსაც ჯანმრთელობის ზიანი მიადგა საავადმყოფოს პერსონალის დაუდევრობის გამო.

კალანდაძის თქმით, მან საავადმყოფოში მოისმინა, რომ ერთ-ერთმა ექთანმა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს გადასხმა არასწორად გაუკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. კიდევ ერთ ბავშვს კი ექიმებმა საკვები ზონდი არასწორად ჩაუდგეს და ღამით ბავშვი დაიხრჩო. მშობელს ასევე მოუყვნენ ამბავს, რომ ახალშობილს ექთანმა შემთხვევით თითი მოაჭრა და მას ოპერაცია ჩაუტარდა. კალანდაძის განცხადებით, ამ მოვლენების შესახებ მშობლებმა არ იციან და მათ ბავშვების გარდაცვალების მიზეზად მათ გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას უსახელებენ.

მაგდა კალანდაძის მიერ სტატუსში მოყვანილ ამბებს საავადმყოფოს ადმინისტრაციაში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მის წინააღმდეგ “კანონით გათვალისწინებულ ზომებს” მიმართავენ. ადმინისტრაციის განცხადებით, კალანდაძემ ინფორმაცია გადამოწმების გარეშე გაავრცელა.

“ნეტგაზეთი” შეეცადა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან დაკავშირებას, თუმცა პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს. უცნობია, გამოიკვლია თუ არა საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ეს ფაქტები და რის საფუძველზე უწოდებენ კალანდაძის განცხადებებს სიცრუეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი