ახალი ამბები

რუსთავი 2-მა ქალთა მოძრაობის საჩივარი დააკმაყოფილა

24 ივნისი, 2016 •
რუსთავი 2-მა ქალთა მოძრაობის საჩივარი დააკმაყოფილა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის საჩივარი დააკმაყოფილა.

“ქალთა მოძრაობის” საჩივარი ეხებოდა 11 ივნისს “შაბათის კურიერში” “რუსთავი 2”-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გიორგი გაბუნიას მიერ ნათქვამ ფრაზას: „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არა მგონია, მანტიის ქვეშ რამე დიდად საინტერესო დაგვხვედროდა, მაგრამ მაინც..”

“ეს შეფასება სექსისტური და გენდერის ნიშით შეურაცხმყოფელია, რადგან გიორგი გაბუნიამ, განზრახ თუ გაუფრთხილებლად, სექსუალურ ობიექტად წარმოაჩინა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. ხოლო, „მანტიის გახდის“ (რაც მოსამართლის პროფესიული უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს) ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ მაყურებელს აქცენტი გადაატანინა მოსამართლის სხეულზე და მისი სხეულის შესაძლო არასრულყოფილებაზე. წამყვანის ეს შეფასება კვებავს და ამყარებს ჩვენს ისედაც უკიდურესად პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ იმ სტერეოტიპებს, რომელთა თანახმადაც ქალის განათლება, კარიერა და საქმიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ასე შემდეგ,”- აცხადებდა ქალთა მოძრაობა.

“რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმმა არ ჩათვალა, რომ ეს სექსისტური გამონათქვამი იყო და გაბუნიამ მიზანმიმართულად გააკეთა ეს განცხადება, რათა ნათია გუჯაბიძის ბიოლოგიურ სქესზე გაესვა ხაზი. თუმცა მათ საჩივარი მაინც დააკმაყოფილეს:

“მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს არხს აქვს პოლიტიკა, რომ ასეთი სენსიტიური საკითხების მიმართ იყოს ძალიან მაღალი სტანდარტი, ჩვენ ვთვლით, რომ ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ის, რომ ამგვარი აღქმის საშუალებაც კი არ ჰქონდეს ნეიტრალურ დამკვირვებელს და კონკრეტული სოციალური ჯგუფის წარომადგენელს, რომ შესაძლოა, ასეთ განცხადებას ამგვარი შინაარსი ჰქონდეს. არ ვთვლით, რომ განცხადება იყო სექსისტური, მაგრამ ჟურნალისტს ვთხოვთ, უზრუნველყოს, რომ მის მიერ გაკეთებული კრიტიკული შეფასებები და განცხადებები ამგვარი აღქმის საშუალებასაც კი არ ტოვებდეს – აქედან გამომდინარე დავაკმაყოფილეთ საჩივარი.

დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდება გიორგი გაბუნიას, რომ გაეცნოს და შემდგომ გაითვალისწინოს, რომ უზრუნველყოს, მის მიერ გაკეთებული კრიტიკული შეფასებები – მას აქვს ამის უფლება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საავტორო გადაცემაა და ის თავისუფალია საკუთარი აზრის გამოხატვაში, მათ შორის, გამოხატვის ფორმებში. შესაძლოა ადამიანმა აზრი გამოხატოს სხვასხსხვა ფორმით, მათ შორის ცინიზმით, სარკაზმით, იუმორით და ა.შ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ასეთ საკითხებზე აღქმის საშუალებასაც არ უნდა ტოვებდეს ჟურნალისტის მხრიდან ამგვარი განცხადებები. ის ასევე უნდა გაუფრთხილდეს და მხედველობაში მიიღოს, როგორია მაუწყებლის პოლიტიკა,”- განმარტავს რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რუსთავი 2-ის იურისტის განცხადებთ, დასაბუთებული გადაწყვეტილება მომავალ კვირაში გადაეცემათ მხარეებს.

“ქალთა მოძრაობის” საჩივარი რუსთავი 2-ის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილმა დავების განმხილველმა კომისიამ განიხილა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ნიკა გვარამია, ზაალ უდუმაშვილი და თამთა მურადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი