ახალი ამბები

“კაბელების საქმის” მსჯავრდებულების შეწყალების მოთხოვნთ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

24 ივნისი, 2016 • 1287
“კაბელების საქმის” მსჯავრდებულების შეწყალების მოთხოვნთ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

“თავისუფალმა დემოკრატებმა” დღეს, 24 ივნისს განაცხადეს, რომ “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩნოსნების  გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.

ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ხუთი უდანაშაულო ადამიანის – გიზო ღლონტის, ნუგზარ კაიშაურის, გიორგი ლობჟანიძის, დავით წიფურიას და არჩილ ალავიძის უმწიკვლო სამსახური, რომელიც მათ ბრძოლის ველზე და მშვიდობიანი ცხოვრების განმავლობაში გაუწიეს საქართველოს; გაითვალისწინოთ, რომ მათ არანაირი ბრალი არ მიუძღვით ეგრეთ წოდებულ „კაბელების საქმეში“, თუმცა ამ საქმის გამო ჯერ რვა თვე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში, ხოლო ამჟამად მისჯილი აქვთ შვიდწლიანი პატიმრობა. გთხოვთ, გულისხმიერად მოეკიდოთ უსამართლოდ ბრალდებულებისა და მათი ოჯახების ბედს და აღადგინოთ უხეშად დარღვეული სამართლიანობა,”- წერია პეტიციაში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულეს, საიამ განაჩენს უსამართლო და უკანონო უწოდა, ხოლო სხვა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე პოლიტიზებისა და მიკერძოების განცდა არსებობს.

ადვოკატებმა განაჩენი უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი