ახალი ამბები

ალასანია: ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს

16 მაისი, 2016 • 1679
ალასანია: ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირკლი ალასანია აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ “ივანიშვილის ხელისუფლებას” ბოლოს მოუღებს.

დღეს, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასაართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს  7-7 წლით თავისუფლების  აღკვეთა განუსაზღვრა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. მსჯავრდებულები არიან: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე და დავით წიფურია.

“ასეთ უსამართლობას, ასეთ ნაბიჯს მოსამართლის მხრიდან არავინ არ ველოდით. ვიცით, რომ ივანიშვილი-კვირიკაშილის მთავრობაში სასამართლოს კონტროლი მიდის, სააპელაციო სასამართლოს კონტროლი მიდის, პროკურატიურის კონტროლი ვიცით, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ, რომ მიეღო მოსამართლეს, არ ველოდით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას სააპელაციო სასამართლოში. მე მინდა დავპირდე ივანიშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს,”- აცხადებს ირაკლი ალასანია.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, გაიმართება აქციები დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:

“დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რა თქმა უნდა, თავისუფალი დემოკრატები გადავდივართ ახალ რეჟიმზე. თავისთავად ჩვენ არ ამოვვარდებით საარჩევნო რეჟმიდან, ჩვენ არჩევნების გზით აუცილებლდ შევცვლით ამ  ხელისუფლებას,”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნინო გოგუაძემ კი განაცხადა, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს ამ გადაწყვეტილებას “არ შეარჩენს”.

“ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მე თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ,”- განაცხადა ნინო გოგუაძემ საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თანხის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

დაკავებულთა შორის იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

სილქნეტმა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, იმავე დღეს დაადასტურა, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სადავო ტენდერში. კომპანიამ განაცხადა, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას იმ დროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართული სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. მან პროკურატურის ქმედებებში “პოლიტიკური სარჩული” შენიშნა და თქვა, რომ ადგილი აქვს “შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ალასანიას თქმით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავება ზუსტად მაშინ განხორციელდა, როდესაც ის მინისტრის რანგში ევროპაში ვიზიტს მართავდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით. ალასანიამ მოგვაინებით განმარტა, რომ იგი ევროპაში საქართველოსთვის ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობებზე საუბრობდა. ამის შემდეგ მინისტრის თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პატრიაშვილმა. საბოლოოდ კი, თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი