ახალი ამბები

ბერძენიშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა

24 ივნისი, 2016 • 1186
ბერძენიშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა

“ემიგრანტების წინააღმდეგ ხმა მისცა პროვინციამ, რომელსაც თვალით არ უნახავს ემიგრანტი. ემიგრანტები ცხოვრობენ ლონდონში და ლონდონმა თქვა, რომ ჩვენ ვართ მზად, ცხოვრება მათთან ერთად გავაგრძელოთ,”- ასე აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.

“ვფიქრობ, რომ ჩერჩილის და ვიქტორიანული ეპოქის ღირსი შედეგი არ არის. ლონდონმა ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, ახალგაზრდებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას, შოტლანდიელებმა და ჩრდილოეთ ირლანდიელებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას. გადაწყვეტილება მომავლის ნაცვლად მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი, პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ 10-15 წლის შემდეგ ბრიტანეთმა თავისი იდენტურობა დაიბრუნოს,”- აღნიშანვს დეპუტატი.

ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ევროკავშირი არ დაიშლება და საქართველოც მიიღებს ვიზების ლიბერალიზაციას:

“საქართველოშიც შეიძლება მოიძებნოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროპა ცუდია და დავუჯეროთ ბრიტანეთის იმ ძალებს, ვინც ეს გადაწყვეტილება უზრუნველყო, მაგრამ ეს არ არის სერიოზული. მგონი, მოვასწრებთ ვიზალიბერალიზებულ საქართველოდ ქცევას, მაგრამ ჰოლანდიაში და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, შეტევა არის ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხდება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა.”

გაერთიანებულ სამეფოში 23 ივნისს ჩატარდა რეფერნდუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 72.2%-მა (46.500.001 ადამიანი). მათმა 51.9% ხმა მისცა გაერთიანებული სამეფოს გასვლას ევროკავშირიდან, ხოლო 48.1%-მა – ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი