ახალი ამბები

ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს რეფერენდუმის ჩატარება ჰოლანდიაშიც სურს

24 ივნისი, 2016 • 1172
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს რეფერენდუმის ჩატარება ჰოლანდიაშიც სურს

ჰოლანდიის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” (PVV) ლიდერი გირტ უაილდერსი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს შემდეგ ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ჰოლანდიაშიც გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

უაილდერსი, რომელიც გამოკითხვების ლიდერია, ამბობს, რომ თუ ის პრემიერ-მინისტრად იქნება არჩეული [მომდევნო წლის მარტის არჩევნებზე], რეფერენდუმს მოიწვევს და ბრიტანეთის მსგავსად მოსახლეობის წინაშე დასვამს კითხვას: უნდა დარჩეს თუ არა ჰოლანდია ევროკავშირში.

 

“ჩვენ გვსურს, რომ თვითონ ვმართოთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ფული, საზღვრები და საემიგრაციო პოლიტიკა”, – განაცხადა უალიდერსმა.

როიტერის ცნობით, ჰოლანდიური ტელეარხის Een Vandaag-ის მიერ ჩატარებული კვლევით მოსახლეობის 54%-ს ასეთი რეფერენდუმი სურს.

აპრილში ჩატარებულ რეფერენდუმზე ჰოლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისათვის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. ამ რეფერენდუმის ერთ-ერთი ინიციატორი და უკრაინის ასოცირების საწინააღმდეგო კამპანიის ლიდერი სწორედ უალდერსი იყო, თუმცა ზემოხსენებულ რეფერენდუმს მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათი ჰქონდა და მისი შედეგი ქვეყნისათვის მყისიერ იურიდიულ შედeგებს არ წარმოშობს.

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმში 51.8%-მა ეროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, დარჩენა კი 48,2%-ს სურს.

რეფერენდუმზე 71,8%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ასეთი მაღალი აქტივობა ბრიტანეთში 1992 წლის არჩევნების შემდეგ არ ყოფილა.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაუყოვნებლივ არ დატოვებს და ამ ეტაპზე კვლავ წევრი სახელმწიფო იქნება, თუმცა, დაიწყება გასვლის პროცესი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი