ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო სიის ყოველი სამეულის გენდერულ კვოტირებას მხარი არ დაუჭირა

22 ივნისი, 2016 • 1290
პარლამენტმა საარჩევნო სიის ყოველი სამეულის გენდერულ კვოტირებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 69 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ჩააგდო კანონპროექტი,   რომლის მიხედვით,  თუკი პოლიტიკურ პარტიის/ბლოკის საარჩევნო სიაში ყოველი მესამე წევრი ქალი იქნება, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს. კანონპროექტის პირველი მოსმენით მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კენჭისყის ჩატარებამდე “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, თუმცა, უშედეგოდ:

“ეს კანონპროექტი ხარისხობრივად სავალდებულო კვოტირებაზე უკეთსია, სავალდებულოობის საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის. ეს კანონპროექტი ყოველნაირ წინააღმდეგობას და წინაღობას ხსნის. პარტოა, რომელიც გადაწყვეტს, გენდერულად მრავალფეროვანი იყოს, მეტ დაფინანსებას მიიღებს. წინააღმდეგობები მოხსნილია და,  ვფიქრობ, მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს,” -მიმართა ვოლსკიმ დეპუტატებს.

პარლამენტის წევრებმა, ანი მიროტაძემ და ელისო ჩაფიძემ კენჭისყრის განმეორებით ჩატარება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ მათი ხმები შედეგებში არ ასახულა, თუმცა დავით უსუფაშვილმა კენჭისყრა მეორედ არ ჩაატარა, რადგან მისი თქმით, ეს ორი ხმა  გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიდა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის ახლანდელი რედაქციის მიხედვით, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იღებს იმ შემთხვევაში, თუკი პარტიული სიების ყოველ ათეულში სამი ქალი მაინც იქნება (საბაზო დაფინანსება, ამავე კანონის მიხედვით, განსაზღვრულია წელიწადში 300 000 ლარით).

კანონპროექტის ავტორების აზრით, დღევანდელი კანონმდებლობა კი ითვალისწინებს საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების  დაცვის შემთხვევაში პარტიების ფინანსურ წახალისებას, მაგრამ უმაღლეს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში ქალ წევრთა რაოდენობა მაინც მცირეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი