ახალი ამბები

თურქეთის ელჩი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე

22 ივნისი, 2016 • 2307
თურქეთის ელჩი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე

თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ თბილისში, “კავკასიურ სახლში”, ისაუბრა რეგიონულ სიტუაციასა და საქართველოსა და თურქეთს შორის       ურთიერთობების შესახებ.

“როდესაც რეგიონულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა ჩვენთვის, ალბათ, ყველაზე რთული დროა. სადაც უნდა გაიხედოთ, – შავი ზღვის არეალში, კავკასიის რეგიონში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, – გვაქვს კონფლიქტები, რისკები და საფრთხეები, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ამ რეგიონებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის გასაკვირი. ჩვენ ეს ყველაფერი ასეთი რთული პერიოდის დადგომამდე უნდა შეგვემჩნია.

მე, მაგალითად, საგარეო საქმეებში ჩავერთე 1990 წელს, როდესაც ცივი ომი დასრულდა. პოლიტიკოსთა იმდროინდელი გამოსვლები ძალიან იმედიანი იყო: ამბობდნენ, რომ მსოფლიო მალე გახდებოდა შესანიშნავი ადგილი, – მშვიდობა საბოლოოდ დამყარდებოდა, დემოკრატია გავრცელდებოდა მთელ სამყაროში და ყველაფერი შეიცვლებოდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომი დასრულდა, ჩვენ მაინც ძალიან ბევრი შესაძლებლობა დავკარგეთ, გაცილებით მეტის გაკეთება შეგვეძლო.

"კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კანაშვილი, და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ "კავკასიურ სახლში". 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კანაშვილი, და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ “კავკასიურ სახლში”. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მიზეზი, თუ რატომ გვიწევს თუნდაც ამ კონკრეტულ რეგიონსა თუ მის ირრგვლივ ასე რთულად ცხოვრება, არის დაკარგული შესაძლებლობები და კონკრეტული შეცდომები, რაც წარსულში მოგვივიდა. აღარ ჩამოვთვლი დეტალურად, თუ რა გავაკეთეთ შეცდომით ყოველ კონკრეტულ საქმეში. ვიტყვი ერთი მარტივი წინადადებით: ჩვენ ვერ შევძელით ირგვლივ მიმოხედვა უფრო კომპლექსურად, ყურადღებას ვუთმობდით მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს შორის, რეგიონებს შორის ურთიერთობებს და უფრო ფართო სურათი მხედველობიდან გამოგვრჩა.

1990-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში მოვახერხეთ დროისათვის ფეხის აწყობა და განვითარება, თუმცა მხედველობიდან გამოგვრჩა სხვა რეგიონები: კავკასია, შავიზღვისპირეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი. აქცენტი ავიღეთ მხოლოდ ერთ რეგიონზე და მიუხედავად იმისა, რომ მეტი მოვახერხეთ, ვიდრე ჩვენგან ელოდნენ, ჩვენ გვქონდა ყველაზე სისხლიანი ომები ისტორიაში 1990-იან წლებში (ბოსნია და ჰერცეგოვინა, იუგოსლავია). მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ბევრი შესაძლებლობა მხოლოდ ერთ რეგიონზე – აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაზე კონცენტრირებით.

განგაშის ზარები პირველად 2001 წელს შემოვკარით, 11 სექტემბერს. მთელი სამყარო ფოკუსირებული იყო, თუ რა ხდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთში. 9/11 კი იყო ნიშანი იმისა, რომ არ არის საკმარისი, სტაბილურობა, უსაფრთხოება მხოლოდ ევროპაში გვქონდეს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება მის გარეთ.

ჩვენ რეაქცია გვქონდა ამაზე, თუმცა კვლავ არაეფექტურად – უბრალოდ აქცენტი გადავიტანეთ აღმოსავლეთ ევროპიდან “დიდ ახლო აღმოსავლეთზე” და ცენტრალურ აზიაზე. დავიწყეთ კამპანიები ავღანეთში, ირანში, რაც სწორი იყო, – ეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ავღანეთსა და ირანში მდგომარეობა უქმნიდა საფრთხეს საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ უნდა მიგვეხედა ამ პრობლემისთვის, თუმცა ამჯერად ამ რეგიონზე ზედმეტად ფოკუსირებით კვლავ გამოგვრჩა მხედველობიდან, სხვა რეგიონებში რა ხდება, ამჯერად უფრო ახლოს ევროპასთან – რუსეთსა და კავკასიაში.

2001 წელს პუტინი მოვიდა რუსეთში და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იქ ცვლილებები ხდებოდა დასავლეთთან ურთიერთობის მიმართულებით. მანამდე ხალხი ფიქრობდა, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი შეიძლებოდა ყოფილიყო ევროპისათვის. თუმცა მაგ დროს დასავლეთი ისევ ნაკლებ ყურადღებას უთმობდა რუსეთს.  სწორედ მაშინ დავინახეთ, რომ რუსეთი ხდებოდა უფრო აგრესიული. საგანგაშო ზარი მოგვესმა 2008 წელსაც, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალი – გამომაღვიძებელი ზარი იყო. ამჯერად ომი ევროპასთან კიდევ უფრო ახლოს ხდებოდა. ვერც ამას ვუპასუხეთ საკმარისი ყურადღებით. 2014 წელს კი უკრაინაში იგივე განმეორდა, რაც საქართველოში – 2008 წელს. ჩვენ რომ 2008 წლის კონფლიქტიდან სწორი დასკვნები გამოგვეტანა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა 2014 წლის ამბების თავიდან აცილება.

თუ ვერ გამოვიტანთ სწორ დასკვნებს, თუ ვერ ვისწავლით გაკვეთილებს, ასეთი ფაქტები მომავალშიც მოხდება. იგივე ვნახეთ სირიაში: რუსეთმა დაიწყო საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედება. სირია ნაწილია იმისა, რასაც ჩვენ “არაბულ გაზაფხულს” ვეძახით, რაც ტუნისში დაიწყო და შემდეგ ლიბიაში, ეგვიპტესა და სირიაში გაგრძელდა. ეს იყო გულწრფელი აჯანყება დემოკრატიისათვის, იმ ღირებულებებისათვის, რაც დასავლეთის ქვეყნებისათვის ასე ძვირფასია. ვფიქრობ, ვერ დავუჭირეთ მხარი საკმარისად იმ ხალხს, ვინც ცვლილებებსა და დემოკრატიას ითხოვდა თავიანთ ქვეყნებში, არამედ ნება მივეცით ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ირანი, რომ დახმრებოდნენ დიქტატორულ რეჟიმებს.

ასეთი უყურადღებობის გამო მოვედით ასეთ რთულ და უცნაურ მდგომარეობამდე. ევროპაში ახლა ვხედავთ ან “ცხელ კონფლიქტებს”, ან “გაყინულ კონფლიქტებს”. ჯერ გვქონდა საქართველოში, შემდეგ უკრაინაში, შემდეგ ახლო აღმოსავლეთში, სირიაში. ხალხს ეშინია, რომ რაიმე მსგავსი კვლავ მოხდება სადმე სხვაგან. სწორი კითხვა ამჟამად ასე ჟღერს: რატომ ვართ ამ მდგომარეობაში? რა უნდა გავაკეთოთ ახლა და რისი გაკეთება შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში? ამისათვის უნდა დავინახოთ, რისი გაკეთება შეუძლიათ ცალკეულ ქვეყნებს დამოუკიდებლად და სხვებთან ურთიერთობით. რა წვლილი შეიძლება შეიტანონ საერთაშორისო პრობლემების მოგვარების პროცესში?

"კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კანაშვილი, და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ "კავკასიურ სახლში". 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თუკი სხვა ქვეყნები აიღებენ საქართველოსა და თურქეთის მაგალითს, მსოფლიო გაცილებით უკეთესი ადგილი გახდება საცხოვრებლად”, – ამბობს თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თურქეთი და საქართველო ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივე ქვეყანა მონდომებულია, გააძლიეროს დემოკრატიის ხარისხი. მართალია, საქართველოში თურქეთთან შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიაა, თუმცა არ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია არხეინად იყოს და “სრულყოფილი დემოკრატიით” დატკბეს. ეს იმიტომ, რომ დემოკრატია კულტურაა, რომელსაც მუდმივად სჭირდება გაძლიერება. ადამიანთა ღირებულებები მუდმივად იცვლება, ამიტომაც დემოკრატიას სჭირდება, ამ ღირებულებებს დაეწიოს, ევოლუცია განიცადოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან ჰგავს თურქეთს დემოკრატიის გაძლიერების სურვილით.

რაც უფრო დემოკრატიულები ვართ, მით უფრო მეტად ვცემთ პატივს ადამიანთა უფლებებს, უფრო მეტად ვართ ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკებთან და უფრო დაცულები ვხდებით. ამიტომ დემოკრატიზაციის გზის გაგრძელება მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც. თურქეთსა და საქართველოს შორის მსგავსებას კი ამ კუთხით ნამდვილად ვხედავ. თუკი სხვა ქვეყნები აიღებენ საქართველოსა და თურქეთის მაგალითს, მსოფლიო გაცილებით უკეთესი ადგილი გახდება საცხოვრებლად.

დიახ, ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ 78-მილიონიანი მოსახლეობით, საქართველოში კი 3.7მლნ ადამიანი ცხოვრობს. ერთ-ერთი ჩვენგანი ნატოს წევრია უკვე 60 წელია, მეორე კი მხოლოდ 25 წელია დამოუკიდებელია. ჩვენ ერთმანეთს დაშორებული ვიყავით თითქმის 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის გამო. მიუხედავად ამისა, ეს ორი ქვეყანა ძალიან კარგად ახერხებს თანამშრომლობას.

ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს არა მხოლოდ როგორც “აღმოსავლეთ მეზობლად” და “მეგობარ ერად”, არამედ სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენი ურთიერთობის გამო ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ერთმანეთს ვავსებთ. ჩვენ ვიგებთ ამ ორმხრივი ურთიერთობით. შეიძლება, ისტორიაში მოიძებნოს არც ისე პოზიტიური პერიოდები, – მე საკუთარ ოჯახშიც მაქვს პრობლემები, – მაგრამ ამაზე ფოკუსირების ნაცვლად ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურულ და სოციალურ თუ ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს. პირველად როდესაც ჩამოვედი საქართველოში, აქაურებს ქართველი ვეგონე, მე კი გარეგნულ განსხვავებას ორ ქვეყანას შორის ვერ ვამჩნევდი. სულ მეგონა, რომ ფოლკლორული სიმღერა “ჯილველოი ნანაიდა” თურქული წარმოშობის იყო, არადა, ქართული ყოფილა. ასე რომ, ძალიან ბევრი რამეა, რაც საერთო და მსგავსი გვაქვს: ოჯახის მნიშვნელობა, ჩვენი ძალიან კონსერვატული და პატივისცემაზე დამოკიდებული ურთიერთობები და ა.შ.

უნდა ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია ეს ურთიერთობები კიდევ უფრო სასარგებლო გახდეს ორივე ქვეყნისათვის. ახლა, მაგალითად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებთან. “საქართველო მიიღებს ვიზალიბერალიზაციას ამ კვირაში, იმ კვირაში, მომავალ თვეში” – ასეთი იმედები ხშირად აქვთ ხოლმე. თქვენ, ალბათ, ამ მხრივ, ჩვენზე იღბლიანები ხართ. თუ ევროკავშირი არის ღირებულებებზე დამყარებული საზოგადოება და თუკი აკმაყოფილებ კრიტერიუმებს, მაშინ პირობაც უნდა შეგისრულონ. თურქეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლისათვის ვიზა კი არა, პასპორტიც არ არის საჭირო. საზღვრის გადასაკვეთად საკმარისია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გქონდეთ.

კითხვაზე, რა არის საქართველოს საგარეო მიმართულება, თქვენ უპასუხებთ: დასავლური ღირებულებები, ნატოსთან გაწევრიანება, ევროკავშირთან ინტეგრაცია. მე კი გეტყვით, რომ თურქეთი არის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა. არ გადის არც ერთი კვირა, რომ თურქეთის ოფიციალურმა პირებმა არ დაუჭირონ მხარი საქართველოს ნატოში წევრობას. ახლა, როდესაც ვარშავის სამიტი ახლოვდება (8-9 ივლისი), თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო ნატოს წევრობისკენ ახლოს წასწიოს. სამწუხაროდ, ნატო ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც კონსენსუსის პრინციპზეა დაფუძნებული, ამიტომ თურქეთის წვლილი მნიშვნელოვანია, თუმცა არა საკმარისი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის.

საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ტერიტორიული მთლიანობა. თურქეთი ამ საკითხშიც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას”.

თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ "კავკასიურ სახლში". 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“კავკასიურმა სახლმა” საჯარო დისკუსიების ახალი ფორმატი დაიწყო: “შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში”. დისკუსიათა სერიის პირველი სტუმარი იყო თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. მომავალი შეხვედრები, “კავკასიური სახლის” ცნობით, გაიმართება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბრები დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უცხოური წარმომადგენლების როლი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რეგიონულ თუ საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს არსებული აქტუალური მოვლენები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი