ახალი ამბები

მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე თამაზ ურთმელიძემ გასაუბრება გაიარა

21 ივნისი, 2016 • 1466
მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე თამაზ ურთმელიძემ გასაუბრება გაიარა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე გასაუბრება გაიარა რუსთავი 2-ის საქმის განმხილველმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, რომელსაც მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მიმდინარე წლის მაისში დაუმთავრდა და კვლავაც სურს მოსამართლედ მუშაობის გაგრძელება.

ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა ფარულია. იუსტიციის საბჭოს წევრებს არ აქვთ ვალდებულება დაასაბუთონ, თუ რატომ მისცეს ან არ მისცეს ხმა ამა თუ იმ კანდიდატს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება კენჭისყრა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი, იურისტი გიორგი ბერაია, რომელიც დღეს იუსტიიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას აკვირდება, “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა მიმდინარე შერჩევა-დანიშვნის პროცესი პარლამენტის მიერ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის მიღების შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო. პარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია მართლმაჯულების მესამე ტალღის კანონპროექტები, რომელიც პარლამენტში გასულ წელს დარეგისტრირდა და ითვალისწინებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის რეფორმირებასაც.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის 15 კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრებთან გასაუბრება დღეს უკვე გაირა მოსამართლეობის კანდიდატმა თამაზ ურთმელიძემ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მოსამართლის გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსართლე წევრის, კახა სოფრომაძის განცხადებით, თამაზ ურთმელიძეს გასაუბრებაზე დაუსვეს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული კითხვები იმიტომ, რომ ურთმელიძე ამ საქმესთან დაკავშირებით გააკრიტიკეს.

“ბოლო დროს ეგ იყო რეზონანსული საქმე, რომელზეც ძალიან ბევრი კრიტიკა დაიმსახურა მან ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდანაც და, შესაბამისად, ეს კითხვები დავსვით,”-განაცხადა მან.

კახა სოფრომაძის განცხადებით, თუ რამდენად დააკმაყოფილა თამაზ ურთმელიძის მიერ გაცემულმა პასუხებმა, ამას კენჭისყრის დროს შეაფასებს.

“დღეს, როდესაც პარლამენტში არის მესამე ტალღის კანონპროექტები, რომლითაც გარკვეულწილად უმჯობესდება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცედურა, ამას არ დაელოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ახლა ატარებს გასაუბრებებს და 65 ვაკანსია უნდა შეივსოს სასამართლოში, რაც არის ძალიან დიდი. მიგვაჩნია, რომ ჯერ უნდა მიღებული ყოფილიყო დადებითი ელემენტების მქონე მესამე ტალღა და ამის შემდგომ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა. გარდა მესამე ტალღისა, “კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვთ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მოქმედი სისტემა. საბჭო მაინც ასწრებს ამ მოვლენებს და საკმაოდ სწრაფი ტემპით ატარებს გასაუბრებებს. ამ პროცესის მიმართ, რომელსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები აქვს და ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც დღეს მოქმედებს, არ იძლევა, ჩვენი აზრით, საშუალებას, სრულყოფილად იქნას ჩატარებული მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კონკურსი,” – განაცხადა გიორგი ბერაიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

კითხვაზე, თუ რატომ არ გადაიდო კენჭისყრა მართლმსაჯულების მესამე ტალღის კანონპროექტების მიღებამდე, სოფრომაძე აცხადებს, რომ ეს სასამართლოში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია.

“ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნებისმიერ სასამართლოში გაიაროთ და მოსარჩელეს და მოპასუხეს და პროცესის მონაწილეს ჰკითხოთ, რა სიტუაცია არის დღეს სასამართლოში და ახალი პარლამენტის არჩევას და მესამე ტალღის მიღებას ვერ დაუცდის ვერანაირად იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს არ არის არანაირი ბუნდოვანი პროცედურები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაწერილი აქვს პროცედურები და ამ პროცედურების მიხედვით ის ხელმძღვანელობს და ატარებს გასაუბრებას,”-განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, კანონში დღეს არ არის გაწერილი დასაბუთების ვალდებულება:

“ჩვენ ვასრულებთ იმ კანონს, რა კანონიც საქართველოში გვაქვს და შევასრულებთ იმ კანონს, რა კანონიც გვექნება კენჭისყრის დღეს. შესაბამისად, გვექნება დასაბუთების ვალდებულება – დავასაბუთებთ, არ გვექნება დასაბუთების ვალდებულება – არ დავასაბუთებთ”- ამბობს სოფრომაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი