გერმანიასა და პოლონეთს შორის “კარგი მეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” ხელმოწერიდან 25 წლისთავი თბილისში გამოფენით აღნიშნეს.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პოლონეთისა და გერმანიის საელჩოების ინიციატივით, გამოფენა 20 ივნისს გაიმართა, რომელსაც გერმანიისა და პოლონეთის ელჩებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დაესწრნენ.
გერმანიის ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კარგი მეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იყო გარდამტეხი მოვლენა გერმანიისა და პოლონეთის ურთიერთობაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან რთული პროცესი.
“კარგი მეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება” გერმანიასა და პოლონეთს შორის 1991 წლის 17 ივნისს გაფორმდა, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღიარებდნენ ორ სახელმწიფოს შორის, მდინარეებზე – ოდერსა და ნისაზე გავლებულ სახელმწიფო საზღვარს და შემდგომში გააგრძელებდნენ ურთიერთთანამშრომლობას.
ამ შეთანხმების მიღწევამდე პოლონეთსა და გერმანიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დისკუსია მიმდინარეობდა. შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც მტრულად განწყობილი საზოგადეობების შერიგებისთვის მუშაობდა.
საქართველოში პოლონეთის ელჩის, ანჟეი ჩიეშკოვსკის თქმით, ეს ისტორია არის მეგობრული ურთიერთობების აღდგენის ძალიან რთული პროცესი ამ ორი ქვეყნისთვის, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ერთმანეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი.
მილიონობით პოლონელი იტანჯებოდა მეზობელი გერმანიის ქმედებით, ამბობს ანჟეი ჩიეშკოვსკი.
მეორე მსოფლიო ომი სწორედ პოლონეთში დაიწყო, როდესაც 1939 წელს ჰიტლერმა მისი ოკუპაცია მოახდინა. ბიბლიოთეკაში გამოფენილი მასალების მიხედვით, ამის შემდეგ დაიწყო რეპრესიები პოლონელების წინააღმდეგ. “განსაკუთრებული დაწყნარების ოპერაციის” დროს პოლონეთის პოლიტიკური ელიტის 3500 წარმომადგენელი დახვრიტეს.
ნაცისტური და საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ათასობით პოლონელი დააპატიმრეს, დიდი ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა. 1942-43 წლებში ზამოისჩინის ტერიტორიაზე მცხოვრები 200 ათასზე მეტი პოლონელი ბავშვი, რომელიც აკმაყოფილებდა რასობრივ კრიტერიუმებს, გერმანიზაციის პროცესში მოყვა. მათ ერთი წელი გაატარეს სანკტ მარტინში, სადაც ოჯახისთვის იაფ მუშახელს წარმოადგენდნენ.
მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ გერმანიასა და პოლონეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და დადგინდა სასაზღვრო ზოლი მდინარეებზე, ოდერსა და ნისაზე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიის შემადგენლობაში შემავალი მიწები პოლონეთს გადასცეს, რის გამოც გერმანიაში პოლონეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება გაძლიერდა.
თუმცა 1960-იან წლებში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებმაც დაიწყეს საუბარი პოლონეთისა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ანჟეი ჩიეშკოვსკის თქმით, ასეთი ჯგუფები ეკლესიასთან იყვნენ დაახლოებული.
პოლონეთში ასეთი იყო “კათოლიკური ინტელიგენციის კლუბი”, რომელიც ფუნქციონირებდა ვროცლავში, ვარშავაში, კრაკოვსა და სხვა ქალაქებში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში- “ბენსბერგი წრის”, Pax-Christ, ხოლო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში -“შერიგების აქციის” წევრები.
1958 წელს გერმანიაში პროტესტანტული ეკლესიის თაოსნობით ჩამოყალიბდა ფართო სოციალური ინიციატივა, რომელიც ეძებდა შერიგების გზას იმ ქვეყნებთან, რომელთაც გერმანიის აგრესია შეეხოთ.
1964 წლიდან გიუნტერ შარხენის ორგანიზებით პოლონეთში ეწყობოდა მონანიების მოგზაურობა, ბანაკები ახალგაზრდა გერმანელებისთვის. 1983 წელს შარხენმა გამოაქვეყნა ბროშურები პოლონური მოძრაობის, “სოლიდარობის” შესახებ. ამ აქტივობების გამო მას პრობლემები შეექმნა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან. 1980-იან წლებში ლუდვიგ მელჰორნმა ორგანიზება გაუწია ანნა მორავსკის სახელობის “პოლონური სემინარის” ფილიალის მოწყობას, რომელიც პოლონურ საკითხებს შეეხებოდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ბანერების მიხედვით, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე პოლონელი ეპისკოპოსები გერმანელ კოლეგებს გაუგზავნიდნენ წერილს, ევანგელურმა ეკლესიამ გამოაქვეყნა “აღმოსავლეთის მემორანდუმი” (1965), რამაც დაარღვია აღმოსავლეთ გერმანიაში არსებული ტაბუ, რომელიც ოდერსა და ნისაზე გამავალ საზღვარს ეხებოდა.
წერილში, რომელმაც გდრ-ში ვნებათაღლევა გამოწვია, ხაზგასმული იყო გერმანელებისა და პოლონელების მხრიდან დანაშაულის აღიარების აუცილებლობა, ასევე, მითითებული იყო, რომ გონივრულად და მშვიდობიანად გადაჭრილიყო საზღვრის საკითხი.
პოლონეთისა და გერმანიის დაახლოების პროცესში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა ლიტერატურამ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად რაც ითარგმნა გერმანულიდან პოლონურ ენაზე, იყო ჰანრიჰ ბიოლის “სად იყავი ადამ?” (1957). ორი წლის შემდეგ გერმანიაში გამოჩნდა პოლონური პოეზიის ანთოლოგია, რომელიც შეადგინა და თარგმნა კარლ დედეციუსმა. 1982-2000 წლებში “პოლონური ბიბლიოთეკის” სერიის ფარგლებში რობერტ ბოშის ფონდმა გამოსცა გერმანულ ენაზე თარგმნილი პოლონური ლიტერატურის 50 ტომი.
1970 წელს გფრ-ის კანცლერი ვილი ბრანდტი პირველად ესტუმრა პოლონეთს და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გფრ-სა და პოლონეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ.
ამ ვიზიტის დროს ვილი ბრანდტმა დაიჩოქა გეტოს მსხვერპლთა მემორიალის წინ, რაც აღქმული იყო, როგორც გერმანელების მხრიდან ომის დროს ჩადენილი დანაშაულობების აღიარება.
ხელშეკრულების რატიციფირების შემდეგ პოლიტიკურ დონეზე აღდგა გერმანიისა და პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობები და იუნესკოს ეგიდით შეიქმნა დღემდე მოქმედი “პოლონურ-გერმანული სახელმძღვანელოების კომისია”, რომლის მიზანიც იყო, ორივე მხარის ჩართულობით შეემუშავებინა გეოგრაფიისა და ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები.
1976 წლიდან მოქმედებს გერმანულ-პოლონური ფორუმი, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად ხვდებიან ერთმანეთს პოლიტიკის, მეცნიერების და კულტურის წარმომადგენლები.
გდრ-ისა და პოლონეთის მეგობრობა კიდევ უფრო გააღრმავა საერთო პრობლემამ – საბჭოთა ხელისულფების წინააღმდეგ ბრძოლამ. მაგალითად, გერმანიის დემოკრატიულ რესპულიკაში აქციების გამართვით გამოხატეს მხარდაჭერა პოლონელებისადმი, სადაც 1981 წელს სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.
გამოფენილი ილუსტრაციების მიხედვით, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც პოლონეთი გათავისუფლდა საბჭოთა დიქტატურისგან, ხოლო გერმანია გაერთიანდა, გერმანულ-პოლონური ურთიერთობების მდგომარეობას ეწოდა “სიცარიელე შერიგების შემდეგ”, ანდა “შერიგების ფიასკო”:
“რაც უფრო ინტენსიური ხდებოდა პოლონეთისა და გერმანიის თანამშრომლობა, რასაც დაერთო პოლონეთის გაწევრიანება ევროკავშირში, მით უფრო იკვეთებოდა რეალური კონფლიქტები და დაძაბულობა სახელმწიფოებს შორის. ორივე ქვეყანამ ახალ ეპოქაში შეაბიჯა და უჭირდათ ერთმანეთის გაგება. მათი განსხვავებული შეხედულებები განსაკუთრებით ჩანდა დებატებში, რომლებიც ეხებოდა ისტორიულ საკითხებს, ამერიკასთან ურთიერთობას, ერაყის ომს, რუსეთთან დამოკიდებულებას და მილსადენ Nord Steam-ის გაყვანის შესაძლებლობას”.
ანჟეი ჩიეშკოვსკი ამბობს, რომ წარსულთან შედარებით გერმანიისა და პოლონეთის ურთიერთობებს ამჟამად იოლი გამოწვევები აქვს, რადგან ორივე ქვეყანა არის ერთი და იმავე ორგანიზაციების – ევროაკავშირის, ნატოს წევრები, მოკავშირეები. ელჩის თქმით, პოლონეთსა და გერმანიას კარგი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ – გერმანია პოლონეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია ცენტრალურ ევროპაში, პოლონეთი კი- გერმანიის.
ჩიოეშკოვსკიმ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ შეთანხმების დადების შემდეგ შეიქმნა “გერმანულ-პოლონური ახალგაზრდული ორგანიზაცია”, რომელიც მხარს უჭერს პოლონელი და გერმანული ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3 000 პროექტს აფინანასებს და მათში 2.7 მილიონი ადამიანია ჩართული.
ელჩის თქმით, გერმანიისა და პოლონეთის მაგალითი უნივერსალურია ყველა ქვეყნისთვის და ისინი ამ გამოცდილებას უყურებენ არა მხოლოდ როგორც ისტორიას, არამედ როგორც ინსპირაციას სხვა ერებისთვის, რომლებიც განიცდიან ტრანსფორმაციას.