ახალი ამბები

კანონპროექტი სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად

21 ივნისი, 2016 • 1379
კანონპროექტი სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი გედევან ფოფხაძე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიხედვით,  მოსარჩელის განცხადებით, სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს როგორც დროებითი შეზღუდვის, ისე დავის დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსარჩელის განცხადებით, სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს როგორც დროებითი შეზღუდვის, ისე დავის დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ამასთან, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოცემის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოცემის გარეშე გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება შესაძლო დარღვეული, თუ სადავო უფლების განხორციელება ან გადაწყვეტილების აღსრულება. მოსარჩელე თავის განცხადებაში მიუთითებს იმ გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის, დამადასტურებელ გარემოებებს, რომელიც განმცხადებელს მიადგება, თუ ბრძანების გამოცემამდე სასამართლო აცნობებს მეორე მხარეს და გამართავს ზეპირ მოსმენას. ამავე განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებს შესაბამის დასაბუთებას, თუ დროებითი შეზღუდვის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მას აუცილებლად. აქვე აღსანიშნავია, რომ გამოუსწორებელი ზიანი (irreparable harm) არის ზიანი, რომლის ფულადი სახით ადეკვატური/სრულყოფილი ანაზღაურება შეუძლებელია. ის პირობითად შეიძლება გავყოთ ორ სახედ: პირველი – როდესაც შესაძლებელია მხოლოდ ფულადი კომპენსაცია, რეალური რესტიტუციის შეუძლებლობის ან განსაკუთებით გართულების (შეუსაბამოდ მაღალი ხარჯები) გამო, ( მაგ: პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა; ეკოლოგიური დაბინძურება; ისტორიული შენობის დანგრევა; ტყის გაკაფვა/ხის მოჭრა; საწარმოს გაკოტრება; კონკურენციის აკრძალვის დარღვევა; საავტორო უფლების დარღვევა. მეორე სახე მოიცავს შემთხვევებს, როცა მოვალემ შესაძლოა განახორციელოს ქმედებები, რომელიც ქონება, რის ხარჯზეც უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე, დაზიანდება, განადგურდება განიკარგება ან სხვაგვარად ხელმიუწვდომელი გახდება მოსარჩელის სასარგებლოდ აღსრულებისთვის

პროქტით, დროებითი შეზღუდვის ბრძანება ძალაში დარჩება არაუმეტეს 10 დღის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსარჩელე, რომელმაც მოიპოვა დროებითი შეზღუდვის ბრძანება, 10 დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, დროებითი შეზღუდვის ბრძანების მოქმედება გაგრძელდება სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გამოტანამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, დროებითი შეზღუდვის ბრძანების მოქმედება არ უნდა 11 აღემატებოდეს 28 კალენდარულ დღეს.

ამასთან, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფას იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაუდასტურებს სასამართლოს, რომ: ა) ძირითადი სარჩელი, რომლის უზრუნველყოფაც ხდება, გონივრულად დასაბუთებულია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთებული ალბათობა; ბ) სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას ან მიადგება ისეთი ზიანი, რომელიც ვერ იქნება კომპენსირებული ზიანის ანაზღაურებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აკმაყოფილებს “ა” და “ბ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მაგრამ ის სავარაუდო ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგეს მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით, არ აღემეტება ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს მოპასუხის კანონიერ ინტერესებს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების გამოყენებით, სასამართლო მოსთხოვს მოსარჩელეს უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენას.

ინიციატივის მიხედვით, უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოპასუხის დაყადაღებული ქონების ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს მოსარჩელის მოთხოვნის ღირებულებას. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის სახელზე მხოლოდ ერთი ქონებაა. ამ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილია, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს წარუდგინოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება, ან მიმართოს სასამართლოს განცხადებით დაყადაღებული/უზრუნველყოფის სახით გამოსაყენებელი ქონების გამიჯვნაზე თანხმობის გაცემის შესახებ. სასამართლო განიხილავს მოპასუხის განცხადებას და თუ განცხადებით დაყადაღებული/უზრუნველყოფის სახით გამოსაყენებელი ქონება ექვემდებარება გამიჯვნას, მისი ღირებულება აღემატება სარჩელის ფასს და ამასთანავე, გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონების ღირებულება საკმარისია სარჩელის უზრუნველსაყოფად, განცხადებით მიმართვიდან 24 სთ-ში გამოსცემს განჩინებას უზრუნველყოფის საგნის გამიჯვნაზე მოპასუხისთვის თანხმობის გაცემის შესახებ.

სასამართლო განიხილავს და წყვეტს დროებითი შეზღუდვის გამოყენების საკითხს დაჩქარებული წესით, განცხადების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში მხარეთა დაუსწრებლად. სასამართლო არ ატყობინებს მოპასუხეს დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოტანაზე განცხადების მიღების შესახებ. დროებითი შეზღუდვის ბრძანება არ საჩივრდება. აღნიშნულ ვადაში ბრძანების მიუღებლობა ჩაითვლება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

კანონპროექტის თანახმად, სასამართლო განიხილავს და წყვეტს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში. სასამართლო დადგენილი წესით, განცხადების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში აცნობებს მოპასუხე მხარეს განცხადების შესახებ და გაუგზავნის განცხადების ასლს. 12 მოპასუხეს სასამართლოს განჩინებით მიეცემა 5 (ხუთი) დღე განცხადებაზე სათანადო შესაგებლის წარმოსადგენად. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წარადგენს შესაგებელს მოსარჩელის განცხადებაზე, სასამართლო დანიშნავს საკითხის ზეპირ განხილვას. თუ მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარადგენს შესაგებელს წინამდებარე პუნქტით დადგენილ ვადაში, სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

პროექტით, დროებითი შეზღუდვის ბრძანების და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით. ამასთანავე, სასამართლო კერძო საჩივრის მიღებიდან 24 სთ-ში გააგზავნის კერძო საჩივარს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში რჩება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მხარემ არ შეიტანა სარჩელი უსაფუძვლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ის უქმდება ავტომატურად. ასეთი სარჩელის შეტანის შემთხვევაში კი ტრანსფორმირდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად, რომელიც არ საჩივრდება.

“კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების რეგულირებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მეტად დაცული იქნება, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის კანონიერი ინტერესები და მეტად მოქნილი გახდება უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება სასამართლოს მიერ ისე, რომ არ იქნეს შეზღუდული რომელიმე მხარის ინტერესი,”- აღნიშნულია კანონპროექტში, რომელიც უფლებათა კომიტეტმა დღეს, 21 ივნისს განიხილა და მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი