ახალი ამბები

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ტონგა დაამარცხა [ვიდეო]

18 ივნისი, 2016 • 1919
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ტონგა დაამარცხა [ვიდეო]

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეს მეორე მატჩში ტონგას გუნდი 23-20  დაამარცხა.

ანგარიში მატჩის მეორე წუთზე ბორჯღალოსნებმა ჯარიმით გახსნეს (3:0), რასაც მესამე წუთზე ტონგელებმა გარდასახული ლელოთი უპასუხეს (3:7). საპასუხო  ლელო საქართველომ მეოცე წუთზე დადო, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა წარმატებით შეასრულა და ბორჯღალოსნები მატჩში მეორედ დაწინაურდნენ (10:7).  32-ე წუთზე ტონგელები შერკინებაში დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა თავის მონაგარს სამი ქულა დაამატა (13:7). 35-ე წუთზე ქართველი მორაგბეები საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ და ტონგელმა დამრტყმელმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა (13:10). ტონგელებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ტაიმის მიწურულს ჰქონდათ, თუმცა ჯარიმა გაუცუდდათ და ტაიმი ქართველი მორაგბეების უპირატესობით დასრულდა.

 

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ტონგა კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ იმარჯვა (16:10), რასაც ტონგელებმა საპასუხო ჯარიმით უპასუხეს (16:13). ანგარიშის 3 ქულით გაზრდის შანსი ბორჯღალოსნებს მეშვიდე წუთზე ჰქონდათ, თუმცა ამჯერად კვირიკაშვილს მიზანმა უმტყუნა და  ჯარიმა ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმის მეთვრამეტე წუთზე  სამოელ რაგბისტსა და თამაზ მჭედლიძეს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა და ბორჯღალოსნები მოედანზე 14 დარჩნენ. 24-ე წუთზე კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გააფუჭა. 30-ე წუთზე ტონგელებმა მეორე ლელო დადეს, რასაც გარდასახვაც მოჰყვა (20:16). დრო უკვე გაწითლებული იყო, როცა ბორჟღალოსნებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა გამარჯვების ლელოთი დაასრულეს. მალაღურაძემ გარდასახვა გაიტანა და  ბორჟღალოსნებმა ტონგას გუნდი  23:20 დაამარცხა.

ოკეანეთის ტურნეს პირველ მატჩში  საქართველოს ნაკრებმა სამოის ეროვნული გუნდთან ფრედ 19:19-ით ითამაშა. ხოლო ტურნეს ბოლო მატჩში, რომელიც 24 ივნისს გაიმართება – ბორჯღალოსნები მასპინძელ ფიჯის ეთამაშებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი