ახალი ამბები

აღდგენილი ბაგრატის ტაძარი შემოდგომაზე გაიხსნება

24 იანვარი, 2012 • 1385
აღდგენილი ბაგრატის ტაძარი შემოდგომაზე გაიხსნება

ბაგრატის ტაძარზე პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, საბოლოოდ აღდგენილი ტაძარი კი შემოდგომაზე გაიხსნება.

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები დღეს კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერლურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დაათვალიერეს.

“ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების შესრულება სანტიმეტრული სიზუსტით მიმდინარეობს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო საქართველოში,” – განაცხადა რურუამ.

“ძირითად ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ რაც შეიძლება ხარისხიანად გაკეთდეს და უმოკლეს დროში. ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ვაჩეიშვილმა.

კულტურის მინისტრის თქმით, ის, რომ საქართველოს ნანგრევები ჰქონდა ბაგრატის სახით, რუსეთის ქმედების შედეგია:

“რუსი ზარბაზნების დანგრეულია, პასკევიჩის ნახელავი იყო”.

ბაგრატის ტაძრის კვლევითი და არქეოლოგიური სამუშაოები 2005–07 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რის შემდეგაც დაიწყო აღდგენითი სამუშაოები.

სამინისტროს ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის სრული რებილიტაციის კონცეფციის შემუშავება იუნესკოს ექსპერტების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ტაძრის არქიტექტორი ამბობს, იუნესკოს წარმომადგენლის, იტალიელი არქიტექტორის პროექტით ტაძრის მხოლოდ დასავლეთის ფასადი აღდგება, დანარჩენი ნაწილის რეაბილიტაცია კი ისევ ივანე გრემელაშვილის პროექტის მიხედვით განხორციელდება.

ბაგრატის ტაძარზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2010 წელს იუნესკოს კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც განაცხადა, რომ ”სერიოზულად შეშფოთებულია” მიმდინარე სამუშაოებით, რომელიც ”დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს”, რადგან ის ”ხელყოფს ტაძრის აუთენტურობას.”

ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი, გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­თან ერ­თად, იუნესკოს მიერ საფ­რთხე­ში მყო­ფი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­ში იქნა შეყვანილი. ამის შემდეგ ბაგრატზე სარეაბილიტაციო სამუშოები შეჩერდა.

აღდგენითი სამუშაოები ტაძარზე გასული წლის 25 ივნისიდან განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი