ახალი ამბები

ომბუდსმენი: რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით

16 ივნისი, 2016 • 1654
ომბუდსმენი: რეპრესიული ნარკოპოლიტიკა  უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანასი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჰუმანური ნარკოპოლიტიკით უნდა შეიცვალოს.  ამის შესახებ მან დღეს, 16 ივნისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უჩა ნანუაშვილმა, მრგვალი მაგიდის ფარგლებში, ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაბაზე  ისაუბრა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი ის ორი სარჩელი განიხილა, რომლებიც ნარკოტესტირებასა და ნარკომომხმარებლების მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პრაქტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

“ჩვენი მოსაზრებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით და მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა პიროვნების დასჯაზე, არამედ მის რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სახალხო დამცველის აპარატი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან.

2015 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა „ქუჩის ნარკოტესტირების“ მთლიანი პროცედურა – პირის წარდგენიდან, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სასამართლო დადგენილების გამოტანის ეტაპამდე.

2016 წლის 15 ივნისს  ნარკომოხმარებისთვის დაკავება ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.  მისი  აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ერთ შემთხვევაში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა არ შეესაბამება ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისგან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს. ომბუდსმენის აზრით, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი