2016 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლების კონსტიტუციურობა.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ერთ შემთხვევაში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა არ შეესაბამება ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისგან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს.
ომბუდსმენის აზრით, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომლებიც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაჰუმანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს.
სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტს ისეთი ქმედება წარმოადგენს, რისთვისაც პირმა ერთხელ უკვე აგო პასუხი; ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით აღიარებულ, ერთი და იმავე დანაშაულისათვის მსჯავრის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპს – „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს.