ახალი ამბები

ომბუდსმენმა ”ქუჩის ნარკოტესტირების” პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

24 ნოემბერი, 2015 • • 1218
ომბუდსმენმა ”ქუჩის ნარკოტესტირების” პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ”ქუჩის ნარკოტესტირების პროცედურა” იმდენად ზღუდავს სასამართლო დაცვის უფლების ფარგლებს, რომ განხილვას აზრს უკარგავს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, პირის ადმინისტრაციული წესით „წარდგენა“ თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე უტოლდება თავისუფლების შეზღუდვას. გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისთვის, თანაც ისე, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირი ვერ სარგებლობს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიებით.

 

სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი პროცედურა, რომელსაც თავისუფლებაშეზღუდული პირი ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში წარდგენას. ნარკოლოგიური გამოკვლევის შესახებ კანონმდებლობის ბუნდოვანება, ერთი მხრივ, იწვევს უფლებამოსილი პირის თვითნებობის რისკს, ხოლო, მეორე მხრივ, შეუძლებელს ხდის გამოსაკვლევმა პირმა განსაზღვროს, თუ რა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს ტესტირებაზე უარი.

 

”შესაბამისად, სახეზეა ერთგვარი იძულებითი გამოკვლევა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც პიროვნების ღირსების, ასევე პირადი ცხოვრების უფლებასთან”, – განმარტავს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენი
ომბუდსმენი

ომბუდსმენის ოფისს მიაჩნია, რომ ბიოლოგიური მასალის ნიმუში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირის წინააღმდეგ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ჩარევას პირის უფლებაში, არ მისცეს თავისი ან ახლობელთა „საწინააღმდეგო ჩვენება.“

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევათა დადგენა ხორციელდება ცალმხრივად, პოლიციის მიერ, ხოლო შესაბამის პირს არ გააჩნია უფლება, მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების შეზღუდვის და მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვების პროცესი დაუქვემდებაროს ეფექტურ სასამართლო განხილვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი დაამტკიცებს, რომ იგი უკანონოდ დააკავეს, რადგან ეს გარემოება არ გამოიწვევს ამ დაკავების საფუძველზე განხორციელებული ნარკოლოგიური გამოკვლევის უკანონოდ ცნობას. 

 

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არის იურიდიული ფაქტი და არა კლინიკური შემთხვევა, რომლის არსებობა უნდა დაადგინოს სასამართლომ, ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე. სასამართლო არ უნდა იყოს შეზღუდული დადგენილი ფაქტის სამართალდარღვევად ცნობის ვალდებულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი