ახალი ამბები

პრეზიდენტი მერაბიშვილზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის დამაზიანებელს უწოდებს

16 ივნისი, 2016 • 1415
პრეზიდენტი მერაბიშვილზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის დამაზიანებელს უწოდებს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ზოგადად, ძალიან გავრცელებულია ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებსაც კი კითხულობენ სხვდასხვანაირად. პრეზიდენტი გადაწყვეტილებას კითხულობს სწორედ ისე, როგორც ეს წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში,”- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

პრესრელიზში, რომელიც სასამარლომ ამ გადაწყვეტილბასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევას მაშინ, როდესაც სასამართლომ არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა სასამართლომ ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ მომჩივან მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ემატება ყველა შესაბამისი გადასახადი; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი