ახალი ამბები

სახელმწიფოს ხედვა დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით ნათელი არ არის- სამოქალაქო ორგანიზაციები

16 ივნისი, 2016 • 2082
სახელმწიფოს ხედვა დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით ნათელი არ არის- სამოქალაქო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების ახალი ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოდელის გამოყენების მიუხედავად, საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული სახელმწიფოს ხედვა დეცენტრალიზაციის პროცესთან დაკავშირებით დღემდე არაა ნათელი.

“სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა” (“სიდას”) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (“ისფედის”)  მიერ მომზადებული ანგარიშის (“თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი”)  მიხედვით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა გუნდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დეცენტრალიზაცია დაასახელა. ანგარიშის ავტორების შეფასებით, თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება და რეალური დეცენტრალიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობის მისაღწევად:

“სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ამბიციური დეცენტრალიზაციის რეფორმის კონცეფციიდან, საბოლოოდ, 2014 წლის თებერვალში მიღებულ კანონში („ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“) ცვლილებების მცირე ნაწილი აისახა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

16 ივნისს სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის - „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი" - პრეზენტაცია გაიმართა. 16.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

16 ივნისს სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის – „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი” – პრეზენტაცია გაიმართა. 16.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ქართულ ოცნებას” თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესის საკმაოდ ამბიციური გეგმა ჰქონდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც შეიქმნა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი და პარლამენტმა ის მინიმალური ცვლილებებითა და სიახლეებით დაამტკიცა, დაიკარგა შეგრძნება, – საერთოდ რა მიმართულებით უნდა წავიდეს თვითმმართველობა და დეცენტრალიზაციის პროცესი. ამიტომ დღეს შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ცვლილებები ხდება, თუმცა საბოლოო ეტაპზე რა ხედვა აქვს სახელმწიფოს და რა მიმართულებით ვაპირებთ სვლას, ამაზე ნათელი წარმოდგენა არ არსებობს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (Cida-ს) დირექტორი, ზვიად დევდარიანი.

სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, 2014 წლის რეფორმის შედეგად საქართველომ მიაღწია ისეთ “მნიშნველოვან სიახლეებს”, როგორიცაა: მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა; 7 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის გზით ქალაქისა და სოფლის როლის გაძლიერება ამ თვითმმართველ ერთეულებში; მათი შეფასებით, პოლიტიკური პროცესების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა გამჭვირვალობის ხარისხი და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფრო მეტ მზაობას გამოხატავენ სამოქალაქო ჩართულობისა და საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის.

“აღნიშნული მიღწევების მიუხედევად, პრობლემურად რჩება ინფორმაციის თავისუფლების ცალკეული ასპექტები, გამოწვევაა ინფორმაციის პროაქტიული [წინასწარი] გამოქვეყნება, მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობა და მოქალაქეთა რეალური ჩართულობა გადაწყვეტილებათა მიღებაში, ეფექტიანი და კორუფციისაგან თავისუფალი სახელმწიფო შესყიდვები და ასევე ნეპოტიზმის ფაქტები, განსაკუთრებით კადრების შერჩევისას”, – აღნიშნულია კვლევაში.

“სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (“სიდას”) დირექტორის, ზვიად დევდარიანის აზრით, დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი ნაკლევანება არის “სწორედ ის, რომ რეფორმა საკმარისად ძლიერი არ არის ფინანსური დეცენტრალიზაციის ნაწილში. ცვლილების შედეგად საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დღეს ადგილზე რჩება, თუმცა, მეორე მხრივ, ტრანსფერების რაოდენობა შემცირდა”.

“ვინც ამ პროცესს პოზიტიურად უყურებს, ის ამბობს, რომ თუ ტრანსფერი სინამდვილეში არის “ჩემი ფულის შენთვის მოცემა” საშემოსავლო გადასახადის დატოვებით, მათ უჩნდებათ ინიციატივა, რომ ეს არის უშუალოდ მათი რესურსი და შესაბამისი იქნება მათი დამოკიდებულება ამ რესურსის მიმართ. თუმცა მოწინააღმდეგეები ვამბობთ, რომ როდესაც ადგილზე ვირჩევთ მერებს, გამგებლებს და რეალურ დეცენტრალიზაციაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა აისახოს ფინანსების ზრდაშიც. საშემოსავლოს დატოვებამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ტრანსფერი მოვაკლოთ ამა თუ იმ თვითმმართველობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების ფინანსური მდგრადობა გაიზარდოს”, – მიიჩნევს დევდარიანი.

ანგარიშის ავტორები უარყოფითად აფასებენ გამარტივებული შესყიდვის გამოყენების გახშირებულ ტენდენციასაც, რაც, მათი თქმით, გულისხმობს “საკმაოდ დიდი თანხების” საჯარო და გამჭვირვალე პროცესის გვერდის ავლით ხარჯვის შესაძლებლობას.

ანგარიში მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ისფედის) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელსა (R-CSN) და ეროვნულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 16.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ანგარიშის პრეზენტაციაზე სასტუმრო “რუმსში”. ანგარიში მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ისფედის) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელსა (R-CSN) და ეროვნულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 16.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ეს პრობლემაა არა მხოლოდ თვითმმართველობებში, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებაშიც. თუმცა თვითმმართველობებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია იმდენად, რამდენადაც შესყიდვების შემოწმება შერჩევით ხდება. თუკი ცენტრალურ დონეზე ასეთი ტიპის ხარჯვების მონიტორინგისას სახელმწიფო აუდიტი ბევრად უფრო ზუსტია, თვითმმართველობის შემთხვევაში ის შერჩევითია და უფრო დიდი შანსია, რომ თავი იჩინოს არაკეთილსინდისიერებამ და კორუფციულმა გათვლებმაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მონიტორინგი, თუ რამდენად სამართლიანად ტარდება ეს ტენდერები და რამდენად იმარჯვებენ ის კომპანიები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება. გასაკონტროლირებელია, ნამდვილად ერთი და იმავე კომპანიების ხელში ხომ არ ხდება ამ რესურსების აკუმულირება”, – გვიხსნის ზვიად დევდარიანი.

ანგარიშის ავტორების რეკომენდაციით, აუცილებელია თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში “დროულად განხორციელდეს ტერიტორიული ოპტიმიზაცია, მუნიციპალიტეტები გააქტიურდნენ საკუთარი ფინანსების მოზიდვაში, გადამზადდეს კადრები, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები ინფორმაციის საჯაროობის, ბიუჯეტის დროულად და სათანადოდ დაგეგმვის და სხვა საკითხების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ასევე, კვალიფიციური კადრების მოსაზიდად აუცილებელია გამჭვირვალე კონკურსების ჩატარება, რაც დაფუძნებული იქნება ობიექტური შეფასების სისტემაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი