ახალი ამბები

სამედიცინო ცენტრ “ურანტის” მხარდასაჭერი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

15 ივნისი, 2016 • 1919
სამედიცინო ცენტრ “ურანტის” მხარდასაჭერი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

დღეს, 16 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან სამედიცინო ცენტრ “ურანტის” თანამშრომლებმა და მეტადონის ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციარების ნაწილმა აქცია გამართეს.

როგორც  “ურანტის” ხელძღვანელი  ზურაბ სიხარულიძე ამბობს, მათი მოთხოვნაა, სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტროს სახით, დაეხმაროს ცენტრს, რომ შეიცვალოს მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის დაფინანსების წესი და არ იყოს “ურანტი” დამოკიდებული ნარკომანიის პრევენციის ცენტრზე.

აქციაზე სიხარულიძემ განაცხადა, რომ დღეს მიიღო წერილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორისგან, ლაშა კილაძისგან, რომ ის ხურავს ჩანაცვლებით თერაპიას ცენტრ “ურანტში” და ექსკლუზიურად განახორციელებს მას. სიხარულიძე ამბობს, რომ ცენტრს სურს, “ურანტის” თანამშრომლები დატოვოს უმუშევარი.

ზაზა შენგელიას, “ურანტის” კლინიკური დირექტორის განცხადებით, იმის გამო, რომ “ურანტს” შეუწყვიტეს ხელშეკრულება, სახელმწიფო პროგრამის მონაწილე ყველა ბენეფიციარი იძულებული იქნება მომსახურება ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მიიღოს.

შენგელია ამბობს, რომ ბენეფიციარებს არ ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ არჩევანის თავისუფლებით და იმ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღონ მომსახურება, რომელიც მათ სურთ.

შენგელიას განმარტებით, აქციის მოთხოვნაა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს არ გააჩნდეს სხვა დაწესებულებებზე ფინანსური კუთხით ზემოქმედების ბერკეტი და არ შეიქმნას მონოპოლია.

ჩანაცვლების თერაპიის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მას თავად უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს სად მიიღოს მომსახურება.

“აქციის გზავნილია ის, რომ მე უფლება მქონდეს ავირჩიო. ეს არის სამკურნალო ცენტრი, მე როგორც შემიძლია, მაგალითად, ფილტვების ანთებაზე როგორც მინდა, ისე ვიმკურნალო, ისევე მომეცი საშუალება, რომ ვიმკურნალო იმ კლინიკაში, სადაც დავდოდი ამდენ ხანს”, – ამბობს იგი.

აქციის მსვლელობის დროს ზურაბ სიხარულიძეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის დირექტორიც შეხვდნენ.

სიხარულიძის თქმით, მათ მინისტრის მოადგილეს გააცნეს ის მოთხოვნები და მოლოდინები, რაც მათ აქვთ.

“პირველი შეხვედრისთვის იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა იმიტომ, რომ ბატონმა ზაზამ ძალიან სწორად გაიგო და აღიქვა, რომ ამ პროგრამაში საჭიროა დიზაინის შეცვლა. ამაზე არის საჭირო მუშაობა”, – განაცხადა სიხარულიძემ.

სიხარულიძეს სჯერა, რომ სამინისტრო ასე ხისტად არ მოექცევა კერძო კლინიკას, ექიმებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს და, რაც მთავარია, დაიცავს ბენეფიციარებს, რომლებიც არიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი.

მინისტრის მოადგილე სოფრომაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ძალიან მგრნობიარე თემაა. მან აღნიშნა, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს  – “ურანტსა” და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის. ამიტომ მათ შორის უნდა მოგვარდეს დავა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ჩაერიოს სამართლებრივ პროცესებში.

“მოლაპარალებები გაგრძელდება და ვნახოთ, სამომავლოდ რა მოხდება”, – ამბობს ზაზა სოფრომაძე.

სოფრომაძის თქმით, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარალება, არც ერთი ბენეფიციარი რომელიც სახელწმიფო პროგრმააშია ჩართული, არ დარჩება მომსახურების მიღების გარეშე.

“ურანტის” თანამშრომლების აქცია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელიბისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა მას აღარ გაუგრძელა ნარკოდამოკიდებული პირებისთვის მეტადონით ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება.

ეს პროგრამა ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, რომელშიც ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა გაიმარჯვა, ხოლო “ურანტი” მისი კონტრაქტორია. როგორც “ურანტში” აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 900 ბენეფიციარია ჩართული.

 

ურანტის თანამშრომლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ურანტის თანამშრომლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ურანტის თანამშრომლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ურანტის თანამშრომლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი