ახალი ამბები

თანხის გამოძალვაზე ბრალდებას კობახიძეები საარჩევნოდ გამიზნული კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ

13 ივნისი, 2016 • 1518
თანხის გამოძალვაზე ბრალდებას კობახიძეები საარჩევნოდ გამიზნული კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ

და-ძმა მანანა და თედო კობახიძეები განმარტებებს აკეთებენ ბადრი ჯავახიშვილის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თედო კობახიძე დასაქმების სანაცვლოდ მას ხელფასიდან ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ახდევინებდა. ვრცელი მასალა ამ საკითხზე ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გუშინ, 12 ივნისს გაავრცელა.

“ეს არის მიზანმიმართული კამპანია. არ არის გასაკვირი, რომ დაიწყო არჩევნები და, ბუნებრივია, რომ ეს ორკესტრირებული ქმედებაა გარკვეული ადამიანების, ვისაც მიზნად სწორედ ეს აქვთ დასახული, რომ შელახონ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანი რეპუტაცია, რაც ნამდვილად არ გამოუვათ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დასჯადია გამოძალვა. მისი მხრიდან გამოძალვას ჰქონდა ადგილი, რასაც, რა თქმა უნდა, მე ვერ დავმალავდი, მივმართე შესაბამის ორგანოებს. პოლიცია იძიებს ამ საქმეს, ყველა მტკიცებულება წარდგენილია. შესაბამისად, აწი გამოძიებამ უნდა გასცეს მას პასუხი. ეს არის ძალიან ბინძური ცილისწამება. ზოგადად ეს არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი და ორკესტირებულად სწორედ რუსთავი 2-თან ერთად მოქმედებენ ეს ცილისმწამებლები ძალიან საეჭვოდ, ეს არის მორიგი პერსონაჟი”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა თედო კობახიძემ, რომელიც მანანა კობახიძის ძმაა. მისი თქმით, ბადრი ჯავახიშვილი მუშაობდა თბილისის საკრებულოში, იურიდიულ კომისიაში. ის იყო შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი და არ იყო შტატიანი თანამშრომელი.

კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯავახიშვილი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, გავიდა 6 თვე და ამის შემდეგ განაცხადა მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე.

“ამის გამო მას არ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოებისათვის, არამედ მან სცადა ეს ყველაფერი ეუწყებინა ტელეეთერებიდან. 2 კვირის წინ მე მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს და ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს იძიებს ვაკე-საბურთალოს სამმართველო.

ბადრი ჯავახიშვილის მხრიდან ხორციელდებოდა მუქარა და ასევე გამოძალვის ფაქტები. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მან ჩემი ოჯახის წევრს მისწერა კონკრეტული sms-ი, მიუთითა მისი საბანკო ანგარიში და მოითხოვა, რომ იმისათვის, რომ არ გასაჯაროებულიყო ე.წ. კომპრომატები, მანანა კობახიძეს, პარლამენტის ვიცესპიკერს მის ანგარიშზე ჩაერიცხა 5000 ლარი. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს და წარდგენილია ეს სამართალდამცავ უწყებებში. ჯავახიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები უკვე წარდგენილია და, დარწმუნებული ვარ, ამ კამპანიას მალე დაესმება წერტილი.

მე მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საქმეს უკვე პროკურატურა იძიებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაასაჯაროოს ყველა ინფორმაცია, რაც ჩემგან და ჩემი ოჯახის წევრისაგან არის წარდგენილი პროკურატურაში.

მან რაღაც ქვითრები ააფრიალა, თითქოს ის რიცხავდა გამოძალულ თანხას. ბადრი ჯავახიშვილი ჩემი პარალელური კლასელი იყო, მასთან ახლო მეგობრობა არ მაკავშირებდა, თუმცა ვიცნობდი წლების განმავლობაში. მისთვის არაერთხელ გამიმარათვს ხელი. ხშირად მისესხებია ასევე ფული… მას ჰქონდა ჩემი ვალი და მის მიერ ჩემს ანგარიშზე ფულის შეტანა სწორედ ემსახურებოდა ჩემი ვალის დაფარვას. ეს იყო იმ ვალის ეტაპობრივი დაფარვა, რომელსაც ის მიხდიდა. ამისი მტკიცებულებებიც წარდგენილია.

ამ ადამიანის შესახებ კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, რომელზეც საუბრისაგან მე თავს შევიკავებ. ჟურნალისტებს შეგიძლიათ მოიკვლიოთ ინფორმაცია ამ ადამიანზე, თუნდაც 2012 წლის ჩათვლით, რაც, სამწუხაროდ, ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი,” – განაცხადა თედო კობახიძემ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბადრი ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ თედო კობახიძემ, რომელიც იყო მისი თანაკლასელი, დაასაქმა საკრებულოში, რის სანაცვლოდაც ყოველთვიურად სთხოვდა ხელფასიდან თავდაპირველად 200 ლარის გადახდას, ხოლო შემდეგ -800 ლარის. ჯავახიშვილის თქმით, ამის გამო მას დაეძაბა თედო ჯაფარიძესთან ურთიერთობა და სამსახურიდან დაითხოვა, რის შემდეგაც მიმართა მანანა კობახიძეს და მისწერა სატელეფონო სმს მომხდარის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი