ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს 20 ივნისს განიხილავს

10 ივნისი, 2016 •
ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს 20 ივნისს განიხილავს

ევროკავშირის საბჭოში საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ივნისს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. ამის შესახებ დღეს საბჭოში გამართულ სხდომაზე განაცხადეს.

მანამდე, 15 ივნისს კიდევ ერთხელ შეიკრიბება ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი [კორეპერი].

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა საბჭოს 10 ივნისს გამართულ სხდომაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.

“ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ საქართველო აკმაყოფილებს მოთხოვნებს [უვიზო რეჟიმის მისანიჭებლად], ქვეყნების მცირე რაოდენობა კი, არა”, -განაცხადა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კლაას დაიჰოფმა, ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანმა უსაფრთხოებისა და იუსტიციის საკითხებში.

კლაას დაიჰოფი, ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოებისა და იუსტიციის საკითხებში, ფოტო: ევროკავშირი

კლაას დაიჰოფი, ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოებისა და იუსტიციის საკითხებში, ფოტო: ევროკავშირი

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია, ყველა სტანდარტი დაკმაყოფილა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ არის რამდენიმე წევრი, რომელიც ბოლომდე ვერ შეჯერდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ, ვუბიძგოთ მათ, რათა შეთანხმება დროულად იქნეს მიღწეული”, – განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა პრესკონფერენციაზე. 

ევროკავშირის საბჭომ დღეს სავიზო რეჟიმის  ლიბერალიზაციის საკითხი განიხილა საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთან დაკავშირებით, 20 ივნისს კი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხს მინისტრთა საბჭო ცალკე განიხილავს.

თუმცა რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხებს მუდმივად აშუქებს, არც 20 ივნისს ელის “გარღვევას”.

 

 

პრესკონფერენცია ინგლისურ ენაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი