ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსთავი 2-ის პროცესი პირველივე დღიდან პოლიტიზირებული იყო

10 ივნისი, 2016 • 1057
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსთავი 2-ის პროცესი პირველივე დღიდან პოლიტიზირებული იყო

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე რუსთავი 2-ის მფლობელთა შეცვლა საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელი იქნება.

როგორც მიშველაძემ 10 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის მიმდინარეობისას ყველა შეხვედრაზე რუსთავი 2-ის თემა ძალიან მაღალი ინტერესის საგანი იყო.

“პრეზიდენტი თვლის, რომ ის, რაც ხდება რუსთავი 2-ის გარშემო, ამძაფრებს კითხვის ნიშნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე რუსთავი 2-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით. პრეზიდენტისთვის  მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა. თუმცა, პრეზიდენტის აზრით, ეს პროცესი პირველივე დღიდან იყო პოლიტიზირებული, თუნდაც იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. შესაბამისად, პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, გაითვალისწინოს ამ პროცესების შედეგები და მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს მედიასთან დაკავშირებულ თემატიკას,”- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

დღეს, 10 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავდა რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანიის წილის 51%-ის მფლობელი კომპანია ტვ “საქართველოს” მესაკუთრეების, ძმებ ყარამანიშვილების საჩივარს, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლომ არ განიხილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა მოსამართლე შორენა ყაველაშვილის, როგორც სამოქალაქო საქმეების განხილვის კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლის აცილების თაობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი