ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია საქართველოში

საქართველოში, ექსპერტების შეფასებით, რადიკალიზაციის მზარდი საფრთხის მიუხედავად, ჯერაც არ არსებობს ძალისმიერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ან მისი პრევენციისათვის საჭირო (CVE/PVE) მექანიზმები.

სხვადასხვა, ჯერაც დაუზუსტებელი, მონაცემით, სირიასა და ერაყში, ISIS-ის რიგებში საქართველოს 50-დან 200-მდე მოქალაქე იბრძვის, 15 მათგანი კი უკვე დაღუპულია.

გლობალური კონტრტერორისტული ფორუმის მომხსენებელი რადიკალიზაციის საკითხებზე, მედიაექსპერტი ონიკ ჯეიმს კრიკორიანი, მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს დიდი რიცხვი, თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ შევადარებთ, მისი თქმით, რიცხვი შემაშფოთებელია.

ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია რადიკალიზაციის თავიდან არიდებისა და პრევენციისათვის სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ინიციატივების თავმოყრა სტრატეგიულ დოკუმენტში, რაც საქართველოში არ არსებობს.

საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის ბრძანების მიხედვით, “ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზებას … ახორციელებს საქართველოს მთავრობა”. ამისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრტერორისტული ცენტრია შექმნილი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის (#254) დადგენილების I დანართის მე-5 პუნქტის მიხედვით, ”კონტრტერორისტული ცენტრი უზრუნველყოფს ერთგვაროვანი და ურთიერთშეჯერებული საინფორმაციო ბაზის შექმნას კონტრტერორისტული ვითარების და მისი დინამიკის შესახებ, ასეთი ინფორმაციის ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე ადგენს ტერორიზმის სავარაუდო საფრთხეს, შეიმუშავებს ღონისძიებებს ტერორისტული საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით”.

ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფოს მიდგომები მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებით შემოიფარგლება და რადიკალიზაციის პრევენციას ნაკლები ყურადღება ექცევა. სწორედ აქ ხედავს ონიკ კრიკორიანი CVE/PVE მეთოდების დანერგვის აუცილებლობას.

ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ან მისი პრევენციისკენ მიმართული ზომები (CVE/PVE – Countering/Preventing Violent Extremism) ერთობლიობაა იმ ინიციატივებისა და სტრატეგიებისა, რითაც სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება ერთვებიან რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. CVE ასევე მოიცავს ყველა იმ ქმედებას, რაც აძლიერებს საზოგადოებების მდგრადობას რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმისადმი.

რადიკალიზაციის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია ძალისმიერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მექანიზმების შემუშავება. თუმცა, ონიკ კრიკორიანის აზრით, სანამ ასეთი მეთოდები პრაქტიკაში დაინერგება, კარგად უნდა განისაზღვროს ის თავისებურებები, რაც კონკრეტულ საზოგადოებას ახასიათებს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია “ისლამურ სახელმწიფოსთან” შეერთების მოტივაციის იდენტიფიცირება.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსტრემიზმის პროგრამის (GWUPOE) მკვლევარი, ბენეტ კლიფორდი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრისათვის (GFSIS-ისთვის) ჩატარებულ კვლევაში, – “ქართველი მებრძოლები სირიასა და ერაყში – ექსტრემიზმისა და რეკრუტირების ფაქტორები” აღნიშნავს, რომ უცხოელი მებრძოლების რეკრუტირების დინამიკა ორ ფაქტორს მოითხოვს: “ბიძგის” ფაქტორს, რომელიც საქართველოდან გასვლის მოტივატორია, და “მიზიდვის” ფაქტორს, რომელიც ინდივიდებს სხვაგან წასვლის ნაცვლად სირიასა და ერაყში საბრძოლველად იზიდავს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ასეთი დაყოფაც საკითხის გამარტივებაა.

ბენეტ კლიფორდი მიიჩნევს, რომ იმ თემებში, სადაც ცენტრალურ მთავრობასთან თუ ადგილობრივ ქრისტიანებთან დაძაბულობის ხარისხი უფრო მაღალია, უცხოელ მებრძოლებად რეკრუტიკება, სავარაუდოდ, გაძლიერდება:

“ეს არ არის მხოლოდ პანკისი, – არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა თუ ქვემო ქართლში”, – ამბობს კლიფორდი. ამ ფაქტორების გაცნობიერება, მისი აზრით, აუცილებელია იმ უნდობლობის ხარისხის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს მუსლიმ თემებსა და საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას შორის არსებობს.

რელიგიური უმცირესობების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები (TDI, EMC), ზოგადად,  მუსლიმთა მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას აკრიტიკებენ.

25254

საიხან მუზაევი

საიხან მუზაევი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, 2014 წელს სასწავლო მიზნითდიდ ბრიტანეთში გამგზავრებას აპირებდა. ამისთვის მან მიიღო შესაბამისი ვიზა,გადაიხადა სწავლისა და ცხოვრებისთვის საჭირო თანხა, თუმცა 2014 წლის 13იანვარს შს სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიშეაჩერეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამტკიცებდა, რომეთნიკურ ჩეჩენ მუზაევს ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი განმარტებისგარეშე არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. მან ქვეყნის დატოვებათორმეტჯერ სცადა, თუმცა არ გაუშვეს.

2013 წლის სექტემბერში, 20 წლის ფირუზ წულუკიძემ – ორგზის ევროპის ჩემპიონმაჭიდაობაში – ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება რელიგიური მოტივით არ მისცეს – თბილისის აეროპორტიდან გამოაბრუნეს. მანამდე ფედერაციაში მას წვერის გაპარსვა მოსთხოვეს. ფირუზ წულუკიძე ამბობდა, რომ მას და მის მწვრთნელს სამართალდამცავები დიდი ხანია უთვალთვალებდნენ, აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ და დევნიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქართველი მუსლიმები იყვნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სსიპ-ის, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურისუფროსი, არჩილ მეტრეველმა, 6 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა:

“მიმდინარეობს მიზანმიმართული საუბარი იმაზე, რომ თითქოს სახელმწიფო ჩაგრავს საქართველოში მუსლიმ თემს და პლუს ამას, სახელმწიფო ამას აკეთებს საქართველოს მართლმადიდებელ თემთან და მართლმადიდებელ ეკლესიასთანერთად. იმ საერთაშორისო კონტექსტში, რაც, ზოგადად, ჩვენს რეგიონში არსებობს,ასეთი განცხადება, პრაქტიკულად, არის მოწვევა იმ, ასე ვთქვათ, ტერორისტული თურადიკალური ძალებისა, საქართველოში მუსლიმთა უფლებების დასაცავად,რომლებიც ჩვენს რეგიონში, სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ”, –განაცხადა მეტრეველმა.

მეტრეველის განცხადებას გამოეხმაურა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე: “საქართველოს მუსლიმები უაღრესად შეშფოთებული ვართ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების მიერ პარლამენტში გაკეთებული უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო”.

“სახელმწიფო მხოლოდ საკანონმდებლო და სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც შეიძლება კონტრპროდუქტიული გახდეს, თუკი, ისევდაისევ, საკმარისი ყურადღება არ მიექცევა რადიკალიზაციის პრევენციას”, – ამბობს კრიკორიანი, – “თუკი სანდო, სარწმუნო აქტორები არ ჩაერთვებიან რადიკალიზაციის პრევენციის პროცესში ადგილობრივ დონეზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რადიკალიზაცია შემცირდეს”.

“აშკარაა, რომ რადიკალიზაცია მხოლოდ მეჩეთებში არ ხდება”, – აგრძელებს ონიკ კრიკორიანი და განმარტავს, რომ ახალგაზრდების რადიკალიზაცია სოციალური მედიით აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, აუცილებელია “ონლაინაც” დავუპირისპირდეთ მცდარ ნარატივებს. “მაგალითად, თუკი ამბობენ, რომ მებრძოლები “ისლამურ სახელმწიფოში” მუსლიმთა სიცოცხლის გადასარჩენად მიდიან, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ თვითონ ისინი [ISIS-ის მებრძოლები] ათასობით ადამიანს კლავენ”, – გვიხსნის ექსპერტი.

ის მიიჩნევს, რომ რადიკალიზაციასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესში ინტელექტუალურ–გასართობი პროგრამების, მულტფილმების, კომიქსებისა და ა.შ ჩართვა. ის იხსენებს მულტსერიალს – “აბდულა იქსს”. მულტფილმი, გამოცემა “ინდეფენდენთის” ცნობით,  ყოფილი ექსტრემისტის მიერაა შექმნილი. ანონიმი ავტორის მიერ შექმნილი მთავარი პერსონაჟი, აბდულა იქსი, ახალგაზრდა ბრიტანელი მუსლიმია. იგი ცდილობს გაარკვიოს, რატომ ერთვებიან ბრიტანელი მუსლიმები ექსტრემისტულ მოქმედებებში საზღვარგარეთ. მას საბრძოლველად წასვლის მიზეზები აინტერესებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მისი ცხოვრების გზა არაა.

ერთ–ერთ სერიაში აბდულა იკითხავს: “ფიქრობ, რომ ადამიანები უნდა დახოცო,რათა მსოფლიო გაწმინდო? ეს გგონია ისლამი? სერიოზულად?” კიდევ ერთ სერიაშიკი ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანებს, რომლებიც “საკუთარ ზიზღს ისლამით ამართლებენ”.

31 მაისს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთომ) გამოაცხადა კონკურსი მხატვრებისთვისა და დიზაინერებისათვის. კონკურსშიმონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან პერსონაჟი, რომელიც “დაუპირისპირდება იმ ბინარულ (ორნაწილიან – “ჩვენ მათ წინააღმდეგ”, “შავი თეთრის წინააღმდეგ”) აზროვნებას, რაზეც დამყარებულია კონტრტერორისტული პროგრამები”.

ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ და მისი პრევენციისათვის ბრძოლაში ქალების ჩართულობას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს “ჰედაია” ცენტრი. “ჰედაია” არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩამოყალიბებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. ცენტრის მიზანია ძალადობრივი ექსტრემიზმის საფრთხის შემცირება რადიკალიზაციისა და რეკრუტირების პროცესების პრევენციის გზით.

“ჰედაია” ცენტრის წარმომადგენლები 2016 წლის მაისში საქართველოში ჩამოვიდნენ. პანკისის ხეობაში ვიზიტისას „ჰედაიას“ პროგრამების მენეჯერმა, ნაიდა შამილოვამ და პროგრამის ოფიცერმა, ირენე ბელმონტემ ადგილობრივ მედიას აცნობეს, რომ “უახლოეს მომავალში „ჰედაია“ საგრანტოკონკურსს გამოაცხადებს და პანკისის ხეობაში მომუშავე ორგანიზაციებს მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ცნობით, აღნიშნული პროექტის ამოცანების შესრულებას „ჰედაია“ 2015-2019 წლების განმავლობაში გეგმავს.

“ლოკალური კონტექსტის სწორი ანალიზის მეშვეობით, სწორედ მსგავსი ინიციატივები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რადიკალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად”, – აფასებს კრიკორიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com