თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა. იურისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსამართლეთა გადაწყვეტილებას აფასებენ.
ზაზა ბიბილაშვილი, ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატი:
“ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონდა იმის იმედი, რომ შეხება გვქონდა სასამართლოსთან, ეს არ იყო მართლმსაჯულება, ეს არ იყო სასამართლო. ამიტომ ჩვენი მიზანი იმთავითვე იყო, რომ საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ჩვენი სიმართლე, როგორც კანონის, ასევე, მორალური თვალსაზრისით, და ჩვენ ეს შევძელით.”
პაატა სალია, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი:
“ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს დავა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა.”
ნინო გოგუაძე, პარტია “თავისუფალი დემოკრატები”:
“ეს ყველასთვის იყო მოსალოდნელი, რადგან ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი და მას არანაირი შეხება არ ჰქონდა სამართლებრივ პროცესებთან. დიახ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მორჩილმა ხელისუფლებამ.”
ელენე ხოშტარია, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”:
“ცუდია, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვთელავთ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებს. ძალიან ცუდია, რომ ამ ყველაფრისათვის ქვეყანას მოუწევს საერთაშორისო ფასის გადახდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველა მშვიდობიანი ხერხით, რომ ეს არ მოხდეს.”
ეკა გიგაური, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”:
“წინა ინსტანციის სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვქონდა. პირველ რიგში, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მოსამართლე იყო გავლენის ქვეშ, რადგან მისი ოჯახის წევრზე იყო დაწყებული გამოძიება და, შესაბამისად, მას ექნებოდა მოტივაცია იმისთვის, რომ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიეღო. თვითონ გადაწყვეტილების დასაბუთებასთან გვქონდა კითხვები. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ზოგიერთი საკითხი ამ დასაბუთებაში ეწინააღმედეგებოდა კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას. ზუსტად ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ დარჩა ზუსტად იგივე გადაწყვეტილება ძალაში. ჩვენ გავეცნობით დასაბუთებას, ასევე გავაკეთებთ ამ დასაბუთების ანალიზს, მაგრამ ჩვენ ასევე რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არ ვაფასებთ მხოლოდ სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენების კუთხით. ჩვენ ვუყურებთ მთლიანად პროცესს და, ცხადია, აქ ჩანდა პოლიტიკური მოტივაცია იმისთვის, რომ შეცვლილიყო რუსთავი 2-ის მფლობელები.”
ლევან ბერძენიშვილი, “რესპუბლიკური პარტია”, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე:
“გაარკვიეს ახლა, რომ ქიბარ ხალვაშისაა. წინა მეპატრონემ რომ დასვას საკითხი – ქიბარ ხალვაშის ხელში როგორ ჩავარდა, ვიცით? მფლობელობის საკითხი სადმე, რომელიმე ტელევიზიაში ვიცით, როგორაა? მეორე მხრივ, მე რომ ქიბარ ხალვაში ვყოფილიყავი და ამოდენა ქონება წაერთმიათ, აბა, რას ვიზამდი? არ მიმართავდა სასამართლოს?” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ტელეკომპანიამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ “ძალიანაც არ განვიცადოთ” სასამართლოს გადაწყვეტილება:
“ამ ცრუ ტელევიზიას მაინც ვგულშემატკივრობდი სასამართლოში იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის მაუწყებლობა არ აეკრძალათ, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე მაინც.მაგრამ თვითონაც ბევრი გააკეთეს საიმისოდ, რომ ძალიანაც არ განვიცადოთ ეგ ამბები. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას და რაც ეხება მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის უაზრო პროპაგანას, რამაც მათ არაფერი მოუტანა.”
ეკა ბესელია, პარტია “ქართული ოცნება”, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე:
“სასამართლო გადაწყვეტილების დროს ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილოა. ჩვენ სასამართლოს ვერ მივუთითებთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ ვინმე თვლის,რომ უნდა გავაუქმოთ საკუთრების უფლება, როცა საქმე ეხება მედიასაშუალებას, შემოვიდნენ საკანონმდებლო ორგანოში ასეთი ინიციატივით. თუ ასეთი ანომალიური ნორმის ჩაწერა გვინდა კანონმდებლობაში, დააყენოს მაშინ ვინმემ საკითხი და ვისმჯელოთ. სხვანაირად მე არ მესმის, როგორ უნდა ავუკრძალოთ მხარეს,რომელსაც საკუთრების უფლებაზე აქვს პრეტენზია, არ იდავოს სასამართლოში, ან როგორ მოვუწოდოთ მოსამართლეებს, რომ ასეთი ან ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ.”