ახალი ამბები

ბიბილაშვილი: ივანიშვილი ვერ წაიღებს რუსთავი 2-ს

10 ივნისი, 2016 • 1504
ბიბილაშვილი: ივანიშვილი ვერ წაიღებს რუსთავი 2-ს

ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც რუსთავი 2-ის წილის 51%-ის მფლობელი კომპანია ტვ საქართველოს მესაკუთრეების, ძმებ ყარამანიშვილების ინტერესებს იცავდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ “ეს არ იყო მართლმსაჯულება”

“ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონდა იმის იმედი, რომ შეხება გვქონდა სასამართლოსთან, ეს არ იყო მართლმსაჯულება, ეს არ იყო სასამართლო. ამიტომ ჩვენი მიზანი იმთავითვე იყო, რომ საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ჩვენი სიმართლე, როგორც კანონის, ასევე, მორალური თვალსაზრისით, და ჩვენ ეს შევძელით.

დღეს აბსოლუტურად ყველგან, როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა ივანიშვილზე პირდაპირ დამოკიდებული ადამიანებისა, დარწმუნებული არიან, რომ ჩვენ ვართ ბოლომდე მართლები. შესაბამისად, მე დღეს, როფორც არასდროს, ამ უსუსური გადაწყვერილების შემდეგ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ივანიშვილი ვერ წაიღებს რუსთავი 2-ს”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

დღეს, 10 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავდა რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანიის წილის 51%-ის მფლობელი კომპანია ტვ “საქართველოს” მესაკუთრეების, ძმებ ყარამანიშვილების საჩივარს, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი