ახალი ამბები

პრეზიდენტი: რუსთავი 2-ის საკითხი ყველა შეხვედრაზე იყო დაყენებული

10 ივნისი, 2016 • 1238
პრეზიდენტი: რუსთავი 2-ის საკითხი ყველა შეხვედრაზე იყო დაყენებული

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგსა და ბრიუსელში საკუთარი ვიზიტის შეჯამებისას ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხი ყველა შეხვედრაზე იყო დაყენებული.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს დაუსვა შეკითხვა, აფერხებს თუ არა ასეთი საქმეები საქართველოს ევროინტეგრაციას.

„როგორც ღია სხდომებზე, ასევე პრაქტიკულად ყველა შეხვედრაზე იქნა დაყენებული “რუსთავი 2-ის” საკითხი. ეს საკითხი არ უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა ჩვენი ურთიერთობები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ბუნებრივია, არ შემოიფარგლება ვიზალიბერალიზაციის საკითხით. ჩვენ ვართ ევროპული პოლიტიკური პროცესის ნაწილი და, შესაბამისად, ჩვენი დიალოგი არა მხოლოდ ვიზაზე იყო, არამედ ბევრ სხვა შემადგენელ საკითხზე. მინდა დაგიდასტუროთ, რომ რუსთავი 2-ის საკითხი ძალიან მაღლა იყო ამ დისკუსიების დღის წესრიგში,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სტრასბურგსა და ბრიუსელში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ხვალ, 10 ივნისს, დილის 10 საათზე სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 7 ივნისს დასრულდა.

პირველის ინსტანციის სასამართლომ რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ სააპელაციო წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი