ახალი ამბები

მობილური საკომუნიკაციო კომპანიები შესაძლოა აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდნენ

9 ივნისი, 2016 • 1557
მობილური საკომუნიკაციო კომპანიები  შესაძლოა აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდნენ

8 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მობილური ოპერატორების აქციზის გადასახადისადაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ზურაბ ტყემალაძის ინიცირებული კანონპროექტის “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ”  შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის დაწესებული აქციზის არსებული 8%-იანი განაკვეთი შენარჩუნდება 2017 წლის 1 იანვრამდე,  2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე განაკვეთი შემცირდება 3 პროცენტამდე. ხოლო,  2018 წლის პირველი იანვრიდან მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა აქციზით აღარ დაიბეგრება.

“სწორედ ამ მიზნით ხორციელდება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების აქციზით დაბეგვრის შესაბამისი დებულებების ამოღება საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო 309-ე მუხლის გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ადგენს აღნიშნულ მომსახურებაზე არსებული განაკვეთის ოდენობას,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორის მტკიცებით, მისი მიღების მიზანი საკომუნიკაციო სფეროს განვითარების ხელშეწყობაა:

“მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სფეროსთვის აქციზის სახით არსებული საგადასახადო ტვირთის ეტაპობრივი შემცირება და აღნიშნული გზით საკომუნიკაციო სფეროს განვითარების ხელშეწყობა,”- წერია განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი