ახალი ამბები

პეტიცია საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების მოთხოვნით

9 ივნისი, 2016 • 1627
პეტიცია საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების მოთხოვნით

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პეტიციით მიმართავენ ევროკავშირის საბჭოს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ნიდერლანდების მთავრობას, რომლითაც მოითხოვენ საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხის დადებითად გადაჭრას.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდ იმედს ამყარებენ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ლუქსემბურგში 10 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა უნდა მიიღონ საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება.

პეტიციაში წერია, რომ ვიზის ლიბერალიზაცია საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში და ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში, რადგან ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული არჩევანის ურყეობას და საქართველოს მოქალაქეები ხელშესახებ სარგებელს იგრძნობენ.

პეტიციის ხელმომწერები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს წევრებს, რომ არ გადადონ საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრა მომავალი სხდომისთვის, რამეთუ ევროკომისიის დასკვნის მიხედვით საქართველომ ყველა პირობა შეასრულა, რაც გათვალისწინებული იყო სამოქმედო გეგმით. პეტიციაზე ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ელექტრონულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი