ახალი ამბები

ცესკომ საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკი დაამტკიცა

8 ივნისი, 2016 • 1280
ცესკომ საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკი დაამტკიცა

დღეიდან ოფიციალურად დაიწყო საქართველოში საარჩევნო კამპანია და ამის გამო დღეს ცესკოში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოში ამ დროისთვის არსებული ვითარების თაობაზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ისაუბრა.

დღეიდან პარტია, რომელსაც პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლია განცხადებით მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 12 აგვისტოსი. ხოლო პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების თარიღის დანიშვნამდეც მიემართათ ცესკოს თავმჯდომარისთვის. მათთვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა 1 აგვისტოა. ასევე, დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილოების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას”, – განაცხადა მიქელაძემ. 

ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარეს რესგისტრაციის მიზნით უკვე მიმართა 28-მა პოლიტიკურმა პარტიამ, მათგან 5-მა კი უკვე გაიარა რეგისტრაცია.

1 მაისის მდგომარეობით ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულია 3 473 316 ამომრჩეველი. ამ ეტაპზე შექმნილია 3 634 საარჩევნო უბანი.

დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩევნებისთვის დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი