ახალი ამბები

პარლამენტმა უიმედო სესხების პატიებასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

8 ივნისი, 2016 • 2644
პარლამენტმა უიმედო სესხების პატიებასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

დღეს, 8 ივნისს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ  დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით მოქალაქეები უიმედო სესხისა და სანქციების დაფარვის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან, თუ ისინი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ შიდა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დავით ონოფრიშვილმა მოამზადა კანონონპროექტი “საგადასახადო კოდექსში” ცვილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიზანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაა. აგრეთვე, ფინანსური ინსტიტუტისთვის ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან დაქვითვა.

კანონპროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი.  ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთან, ამ ვალდებულების ღირებულება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ დაექვემდებარება.

“არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან დაქვითვას ან უიმედო ვალად აღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი, კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით, ბანკები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს,”- განაცხადა დავით  ონოფრიშვილმა 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი