ახალი ამბები

“ურანტიში” შიშობენ, რომ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ვეღარ მოემსახურებიან

8 ივნისი, 2016 • 1602
“ურანტიში” შიშობენ, რომ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ვეღარ მოემსახურებიან

სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრს “ურანტის” დახურვა სურს.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს უნდა გამოეცხადებინა ტენდერი 6 ივნისს, რომელიც არ გამოაცხადა, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელობას და გაარკვიეს, რომ მათ აღარ გაუგრძელებდნენ ტენდერს და სხვა ფორმით გააგრძელებდნენ ურთიერთობას.

“ამას როგორ აპირებენ, არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ისევ ვერტიკალის დაბრუნება უნდათ დაახლოებით”, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ ტენდერის არგამოცხადება ნიშნავს იმას, რომ სერვისს, რომელსაც ახორციელებს “ურანტი”, ვეღარ განახორციელებს 30 ივნისიდან. ამის გამო სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 950 ბენეციფიარი, რომელიც მის ცენტრში იღებდა მომსახურებას, ვეღარ მიიღებს.

სიხარულიძის ამბობს, რომ ტენდერი, რომელზეც არის საუბარი, მორგებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ამ ტენდერის საშუალებით აწვდიდა მომსახურებას 950 ბენეფიციარს. სიხარულიძის თქმით, ეს ტენდერი მოფიქრებულია იმისათვის, რომ ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ჰქონოდა ბერკეტი და მონოპოლიის შესაძლებლობა, “შესაბამისად, ის უნდა გამოაცხადებს, უნდა არ გამოაცხადებს ტენდერს”.

სიხარულიძე ამბობს, რომ აპირებს პრესკონფერენციის ჩატარებას მას შემდეგ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე საქართველოში დაბრუნდება და დეტალებს გააცნობს.

სამედიცინო ცენტრი “ურანტი” 2003 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა მიმართულია ალკოჰოლსა და წამალდამოკიდებული პირების მკურნალობისა და რეაბილიტაციისკენ. “ურანტი” არის საქართველოს “ზიანის შემცირების ქსელის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი არის შპს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ის 2012 წელს შეიქმნა ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს\კ ინსტიტუტის გაერთანების შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი