ახალი ამბები

თურქეთში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა

8 ივნისი, 2016 • 1259
თურქეთში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა

სამი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა თურქეთში ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან, მარდინის პროვინციაში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო მოთავსებული. აფეთქება ქალაქ მიდიათში მოხდა, სადაც ქვეყნის ჯარებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა.

ალჯაზირას” ცნობით, საავადმყოფოებს 20-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. დაჭრილებს შორის როგორც პოლიციის ოფიცრები, ისე მოქალაქეები არიან.

ჟურნალისტებს ესაუბრა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირი. მისი თქმით, ამ დროისთვის პოლიციის ერთი ოფიცრის და ორი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დასტურდება.

რამდენიმე დღის წინ სტამბულში პოლიციის ავტობუსზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაიჭრა. თავდამსხმელებმა ბომბი ააფეთქეს. გარდაცვლილთა შორის შვიდი პოლიციელია, ოთხი კი, სამოქალაქო პირი.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეოთხე შემთხევაა, როდესაც თურქეთში მასშტაბური თავდასხმა მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქურთი სეპარატისტების ჩართულობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საავადმყოფოში დაზარალებულების მონახულებისას განაცხადა, რომ ეს თავდასხმები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ხალხის უსაფრთხოებას იცავს.

“ეს არ შეიძლება მივუტევოთ ან ვაპატიოთ. ჩვენ ბოლომდე დაუღალავად ვიბრძოლებთ ტერორიზმის წინააღმდეგ,”- განაცხადა ერდოღანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი