ბერძენიშვილი: სამართლიან საარჩევნო სისტემას ებრძვის როგორც “ოცნება”, ისე – ენმ

პარლამენტი ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე მომზადებულ კანონპროექტს პარასკევს, 10 ივნისს განიხილავს. შესაბამისი ინიციატივით “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის ბიუროს დღეს მიმართა.

დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოზიცია შეცვალა და არ აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს:

“ამ მოდელის წინააღმდეგ გამოდიან როგორც მოქმედი, ისე  ყოფილი ხელისუფლება. მათ არ აწყობთ და გამოდიან წინააღმდეგ. ლევან თარხნიშვილის განცხადება, რომ კონსტიტუციურობის პრობლემა ჰქონია თურმე ამ კანონპროექტს, იმას ნიშნავს, რომ როგორც “ქართულ ოცნება”, ისე “ნაციონალურ მოძრაობა” ებრძვის სამართლიან საარჩევნო სისტემას.”

ბერძენიშვილის მტკიცებით, პოზიციის შეცვლა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის გავლენის შედეგი იყოს:

“მე კარგად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს.  მშვიდი და ამომრჩევლის ნებაზე დამოკიდებული საარჩევნო სისტემა და არჩევნების შედეგი შეიძლება არ შედიოდეს მის ინტერესებში, ისევე როგორც  დღვანდელი ხელისუფლების ფაქტობრივი ლიდერების ინტერესებში შეიძლება არ შედიოდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა”.

ბერძენიშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა არჩევანი სამართლიან საარჩევნო სისტემასა და ოდესის გუბერნატორის დირექტივებს შორის უნდა გააკეთოს:

“დღეს არა, პარასკევს განვიხილავთ ამ საკითხს სწორედ იმიტომ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი დრო საკითხების მოსაგვარებლად. ვნახოთ, როგორი რეაგირება ინქება, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ასევე სხვა პარტიების მხრიდან, რომლებსაც აქამდე მხარდაჭერა ჰქონდათ დეკლარირებული,”- აღნიშნა დეპუტატმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.